გიორგი ვაშაძე - ასი პროცენტით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების საკითხი, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დაუსვეს
ასი პროცენტით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დაუსვეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს რაც შეუძლია, ახლა გააკეთოს, არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება.
„„ქართული ოცნება“ რუსულ დავალებას ასრულებს და ჯოზეფ ბორელს საქართველოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დაახვედრა, რათა გარემო კიდევ უფრო დაემძიმებინა. ხომ ვიცით, რომ იმპიჩმენტისათვის საჭირო 100 ხმა არა აქვთ. შესაბამისად, რას ემსახურება ეს ყველაფერი? თავადაც აღიარებენ, რომ მთელი ეს პროცესი აბსურდია. ყველა „ქოცი“ ამბობს, რომ 100 ხმა არ აქვთ, ამ ხმების დაგროვების ვერავითარ შანსს ვერ ვხედავ. ვინმე თუ ღილაკს ხელს მიაჭერს, თქვენც დაინახავთ, ჩვენც და ვიტყვით, რომ ის ადამიანი არის თაღლითი, ნაძირალა. პრეზიდენტს რაც ამ პროცესში შეუძლია, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაა. ასი პროცენტით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დაუსვეს“, – განაცხადა ვაშაძემ.