გიორგი ვაშაძე - აშშ სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს მომავალში პრობლემებს რომ არ ხედავდეს, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არ მიიღებდა
გიორგი ვაშაძე - აშშ სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს მომავალში პრობლემებს რომ არ ხედავდეს, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არ მიიღებდა

დროა, ყველა გამოვფხიზლდეთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც დღეს ბრიფინგზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 ფისკალური წლის ასიგნებების აქტის აშშ-ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის (FY2021 SFOPs) დამტკიცებას გამოეხმაურა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამების კანონპროექტი კვლავ ითვალისწინებს საქართველოსთვის სოლიდურ ფინანსურ დახმარებას და $132, 025,000 მლნ დოლარს აღწევს. კანონპროექტის თანახმად, თანხის 15 პროცენტის გადაცემა სავალდებულო არ არის, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე იმოქმედებს.

„დღეს ვარ ოპოზიციაში, მაგრამ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რადგან ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები პირდაპირ იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შემოვა ნაკლები ინვესტიცია, რომ ამ უმძიმესი კრიზისის დროს ნაკლები სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს ნიშნავს, რომ დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ბოლომდე გაწირა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. მათ ჰქონდათ დრო, ემუშავათ, რათა თავიდან აერიდებინათ წარმომადგენელთა პალატის ეს გადაწყვეტილება. ჩემთვის ამ ფონზე აბსოლუტურად გაუგებარია დამსხვრეული ოცნებების პარტიის გუშინდელი ზარ-ზეიმი მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, სადაც ასევე დგას წინაპირობა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანგარიში უნდა წარადგინოს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომ სრულფასოვანი მხარდაჭერა მოხდეს თავდაცვისუნარიანობის კუთხით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, საქართველო ჭაობში იქნება, თუ დაიწყებს ახალი ტიპის მძლავრ განვითარებას.

„მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივმართო – ჩვენ მათ ფაქტობრივად გაგვწირეს, ახლა დროა, ყველა გამოვფხიზლდეთ და ყველამ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. 31 ოქტომბერს არჩევნები არის რეფერენდუმი, საქართველო იქნება ჭაობში, თუ დაიწყებს ახალი ტიპის მძლავრ განვითარებას. დამერწმუნეთ, ამერიკის შეერთებული შტატები რომ არ ხედავდეს მისი მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს მომავალში პრობლემებს, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არ მიიღებდა და ეს არის საგანგაშო. ეს არის სამწუხარო, ეს არის ის, რაც სამწუხაროდ, თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ამერიკის შეერთებულ შტატებს სულ ჰყავს 15 სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და არა მეტი, არ გეგონოთ, რომ ამ ქვეყნების რიცხვი ძალიან დიდია. როცა ამას არ იყენებ შენი ქვეყნის სასიკეთოდ, ეს დიდი პრობლემაა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.