გიორგი ვაშაძე - არჩილ თალაკვაძე კონსტრუქციულ როლს თამაშობდა შეთანხმებაში და არ მგონია, ახლა, შეთანხმების შესრულებისთვის მისი გადაყენება კარგი იყოს
არჩილ თალაკვაძე კონსტრუქციულ როლს თამაშობდა შეთანხმებაში და არ მგონია, ახლა, შეთანხმების შესრულებისთვის მისი გადაყენება კარგი იყოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომის კომენტირებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ დამარცხებულად მიიჩნევს თავს და თალაკვაძეს, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობდა, „სასჯელის სახით გადადგომა გამოუწერეს“.
ამასთან, ვაშაძის თქმით, მას კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
„არ მიმიღია კენჭისყრაში მონაწილეობა. საერთოდ მსოფლიოში პრეცედენტი არ ვიცი, რომ ოპოზიცია მხარს უჭერდეს უმრავლესობის მეირ წარდგენილ სპიკერის კანდიდატს. რაც შეეხება თალაკვაძეს, ჩემი გულწრფელი მოსაზრებით ეს ადამიანი მართლა კონსტრუქციულ როლს თამაშობდა შეთანხმებაში და არ მგონია, ახლა კარგი იყოს შეთანხმების შესრულებისთვის მისი გადაყენება, მაგრამ სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ დამარცხებულად მიიჩნევს თავს და სასჯელივით გამოუწერეს თალაკვაძეს ეს. დრო და ისტორია ყველას თავის ადგილს მიუჩენს. რაც შეეხება კუჭავას, რამდენიმე დღეში დავინახავთ, ის შეთანხმების შესრულების მხარეს იქნება თუ იქნება დარღვევის ინიციატორი. ამის შემდეგ შევაფასებ მას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.