გიორგი ვაშაძე - არც ერთ შემთხვევაში პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ შეთანხმების დოკუმენტის გარეშე, რომელსაც მაღალი ავტორიტეტული გარანტია უნდა ჰქონდეს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველა მხარესთან მიმართებით ელჩების მოწოდებაა, შეთანხმებაზე იყვნენ ორიენტირებული.
ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ერთიანად უნდა ჩამოყალიბდეს საერთო პოზიციებზე, თუმცა მოლაპარაკების მესამე რაუნდზე „ქართული ოცნების“ მხრიდან უნდა მოისმინონ ღია შეთავაზებები, კრიზისიდან გამოსვლის კუთხით რა ხედვები აქვთ.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პოზიცია უცვლელია და ეს არის რიგგარეშე არჩევნები და საარჩევნო რეფორმა. ამასთან, ვაშაძის განმარტებით, არც ერთ შემთხვევაში პარლამენტში შესვლას არ განიხილავს შეთანხმების დოკუმენტის გარეშე, რომელსაც მაღალი ავტორიტეტული გარანტია უნდა ჰქონდეს.
„ჩვენი ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეთანხმება შედგეს და, რა თქმა უნდა, ყველა მხარესთან მიმართებაში მათი მოწოდება არის, რომ ყველამ პროგრესულად ვიფიქროთ და ვიყოთ შეთანხმებაზე ორიენტირებულები. მეც ეს დავაფიქსირე, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეთანხმებაზე ორიენტირებული ვართ.
მოდი, დავარქვათ, რომ ეს არის მესამე რაუნდისთვის მზადების შეხვედრები. განვიხილეთ რიგი საკითხები, რომლის ყველა დეტალზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ოპოზიციაში ერთიანად უნდა ჩამოვყალიბდეთ საერთო პოზიციებზე, თუმცა ღია შეთავაზებები უნდა მოვისმინოთ „ქართული ოცნების“ მხრიდან უკვე მესამე რაუნდზე, რა ალტერნატიულ გადაწყვეტებს ხედავენ ამ მძიმე კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, თუ არის ასეთი.
ჩვენი ახლანდელი პოზიცია არ იცვლება, ეს არის რიგგარეშე არჩევნები და საარჩევნო რეფორმა. შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო რეფორმაზე პრინციპში არის პოზიციების თანხვედრა, მათ შორის ჩვენს დიპლომატებთან, რადგნ ისინი ხედავენ, რომ საარჩევნო რეფორმის განხორციელების გარეშე ნორმალური არჩევნების ჩატარება ქვეყანაში შეუძლებელია.
ჩვენი პოზიციები იგივეა, ვაგრძელებთ ბოიკოტს, თუმცა მესმის ჩვენი დასავლელი მეგობრების მოწოდება შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში.
რა თქმა უნდა, თანამშრომლობა უნდა შედგეს, მაგრამ ჯერ უნდა ვიცოდეთ, როგორ ვასრულებთ მოლაპარაკების ფაზას. თანამშრომლობა რომ შედგეს, დოკუმენტი ხომ უნდა არსებობდეს, რაზე შევთანხმდით, თუ არაფერზე შევთანხმდით, როგორ ვითანამშრომლოთ?
ჩემი მოლოდინია, 8 მარტის მსგავსი მემორანდუმი გაფორმდეს, სადაც გაწერილია, რაზე შევთანხმდით, რომ შემდეგ რაღაცნაირად ვითანამშრომლოთ ამის აღსრულების მექანიზმისთვის, აბა, ისე როგორ ვითანამშრომლებთ, თუ არაფერზე შევთანხმდით. მძიმე ვითარებაა, მარტივი არ არის, ყველა მხარემ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გამოსავალი ვნახოთ, სრული მზაობაა „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან, მაგრამ ეს ვერ იქნება ის, რომ ჩვენ ახლა დავადოთ თავი, პარლამენტში შევიდეთ, არც ერთ შემთხვევაში ამას არ განვიხილავთ შეთანხმების დოკუმენტის გარეშე, რომელსაც, რა თქმა უნდა, მაღალი ავტორიტეტული გარანტია უნდა ჰქონდეს ამერიკის და ევროკავშირის სახით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.