გიორგი ვაშაძე - ამერიკის შეერთებული შტატები ქართულ დემოკრატიას ბოლომდე მხარს უჭერს და ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა
ამერიკის შეერთებული შტატები ქართულ დემოკრატიას ბოლომდე მხარს უჭერს და ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტის ანგარიშზე კომენტარისას აღნიშნა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე შესწორებაა ინიცირებული.
„ქართულმა ოცნებამ“ კონგრესის მიერ გავრცელებული პირველი ინფორმაციის შემდეგ, სადაც საქართველოსთვის სანქციებზე იყო საუბარი, საკუთარი მრავალრიცხოვანი და არაერთი ლობისტური კომპანიების არმია შეასია კონგრესს. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების მთავარი არგუმენტი იყო, რომ
ზოგადი ფრაზეოლოგია არის მოხსენიებული საქართველოსთან დაკავშირებულ კრიტიკაშიო. ამის საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კიდევ უფრო მკაცრი შესწორებები იმ დოკუმენტში, რომელიც დამტკიცდება უკვე სავარაუდოდ საბიუჯეტო კომიტეტზე. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად წყალი არ გაუვა, რომ მიიღებს ამას საბოლოო ჯამში საბიუჯეტო დოკუმენტთან ერთად, სადაც საუბარია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად. საუბარია სასამართლოში გამეფებულ იმ კლანურ მმართველობაზე, რომელიც ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. საუბარია მედიათავისუფლებაზე, პოლიტიკოსების მიმართ ანგარიშსწორებაზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ მმართველობაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები არცერთ შემთხვევაში არ შეეგუება“,- განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, „ერთადერთი გზა, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სანქციებს აარიდებს, არის ის, „რომ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ შეასრულოს ყველა ის მოთხოვნა, რაც არის ამერიკელი პარტნიორების მხრიდან“.
„ქართულ ოცნებას“ ამ ორი დღის განმავლობაში ჰქონდა არჩევანი, შეესრულებინა და პროგრესულ წერტილებზე პროგრესი ეჩვენებინა და ეთქვა, რომ მე რაღაცას გამოვასწორებ. მათ აირჩიეს სხვა გზა, რომ ფულით ეგონათ, კონგრესში და სენატში რამეს გადაწყვეტდნენ.
მინდა მივმართო ივანიშვილს, გახარიას და „ქართული ოცნების“ ლიდერებს – თქვენ ალბათ რუსეთი გგონიათ ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც შეგიძლიათ ფულით ყველაფერი მოაგვაროთ. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას, ქართველ ხალხს და არ მოგცემთ არც ერთ შემთხვევაში დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობას. ერთადერთი გზა, რაც აგვარიდებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სანქციებს, რომელზეც არის საუბარი ამ დოკუმენტში, არის დაუყოვნებლივ შეასრულოთ ყველა ის მოთხოვნა, რაც არის ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. დაუყოვნებლივ ხელი აიღოთ ქართული დემოკრატიის ხელყოფისგან, ჩაატაროთ სამართლიანი არჩევნები და მოემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისთვის. უკვე ყველას ყელში ამოუვიდა თქვენი მავნებლობა, რის გამო უკვე ზიანს იღებს ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინტერესები. ეს პროცესი შეუქცევადია. რაც არ უნდა ფული დახარჯოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტებში, ვინც არ უნდა ჩარიოთ, არ შეიცვლება. ამას ლობისტი არ წყვეტს, ამას წყვეტენ ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლისთვისაც საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი. რომლისთვისაც სულერთი არ არის საქართველოში როგორი მმართველობა იქნება“,- განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება კითხვას, ახალი დანამატები კონგრესში ინიცირებულ დოკუმენტში უკვე ასახულია თუ არა, ვაშაძე პასუხობს:
„ეს არის ახალი დანამატი. საბოლოო ჯამში, კომიტეტი დოკუმენტს უკვე ამ ე.წ. შესწორებებს, რომ დადგება ძირითადი დოკუმენტი, ამის ინიციატორი დააყენებს. ეს „ემენდმენთი“ შევა იმ დოკუმენტში. საბოლოო სახეს ამის შემდეგ იღებს დოკუმენტი. კომიტეტი ამას კენჭს უყრის ამ კვირაში და ამ კვირაშივე უნდა აისახოს. ფორმალობა უბრალოდ რჩება სექტემბერში. ერთადერთი გზა არის, რომ მაიკ პომპეო უნდა მივიდეს კომიტეტში და სენატში თქვას, რომ სასამართლო საქართველოში დამოუკიდებელია, არჩევნები სამართლიანად მიმდინარეობს, ინვესტორებს და ბიზნესს პრობლემა აღარ აქვს, პოლიტიკოსებს აღარ დევნიან, მედია თავისუფალია. ეს რეპორტი უნდა გააკეთოს სახელმწიფო დეპარტამენტმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკვე სანქციების სახით იქნება ასახული საბიუჯეტო დოკუმენტში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.