გიორგი ვაშაძე - ამ ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის, მე ვიცი, ტექნოლოგიები, რასაც ჩვენ არჩევნებზე გამოვიყენებთ, არის მომავალი
გიორგი ვაშაძე - ამ ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის, მე ვიცი, ტექნოლოგიები, რასაც ჩვენ არჩევნებზე გამოვიყენებთ, არის მომავალი

წელს მნიშვნელოვანი წელია, მთავარი პასუხი, რაც უნდა გასცეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არის თუ არა მზად, მოაწეროს ხელი შემაჯამებელ ოქმს, რითიც შეიცვლება ხელისუფლება საქართველოში. ეს არის მთავარი ტესტი, რაც მათ უნდა ჩააბარონ. ეს ასე იქნება, რადგან ხალხის ნებას წინ ვერავინ აღუდგება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მთავარი პრობლემები, რაც არის დღეს, მილიონზე მეტი თანამოქალაქე არის უცხოეთში და ვერ იღებს არჩევნებში მონაწილეობას.

„არალეგიტიმურია ცესკო-ს ადმინისტრაცია, რადგან მოვალეობის შემსრულებლები მართავენ. ასევე პრობლემაა ერთი და იგივე კომპანია, რომელიც რატომღაც ყველა ქვეყანაში უწევს აუდიტს ამ ტექნოლოგიებს. ვპირდები „ქართულ ოცნებას“, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, ჩვენ გვაქვს ისეთი ტექნოლოგიები მოფიქრებული, არცერთი ხმის გაყალბების უფლებას არ მოგცემთ. წელი დასრულდება დეოლიგარქიზაციით საქართველოში, რომლის მთავარი მაჩვენებელიც იქნება კოალიციური მმართველობა. ნამდვილად არ ვენდობი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ვენდობი მხოლოდ იმას, რასაც, უკვე თვეებია, ჩვენ ვამზადებთ, ბევრ სიახლეს ნახავენ „ქოცები“ და ნახავენ, რომ აბსოლუტურად სხვაგვარად წარვსდგებით ამ არჩევნებზე.

თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის ამ ქვეყანაში, მე მგონი, თავმდაბლად, მე ვიცი. ეს თანამედროვე ტექნოლოგიები არის წარსული, აი, თანამედროვე ტექნოლოგიები, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ, ის არის მომავალი. ვინმე თუ ცდილობს ამ ხმების გაყალბებისთვის მომზადებას, ვერცერთ ხმას ვერ გააყალბებენ. აბსოლუტურად ყველა პროცესში ვიქნებით. მთავარი საკითხი და ტესტი ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის იქნება, როდესაც შემაჯამებელი ოქმი შედგება, რომელიც ცვლის ხელისუფლებას ქვეყანაში, აწერენ თუ არა ხელს. თუ არ მოაწერენ ხელს, ეს სხვა პრობლემა იქნება, მაგრამ მოუწევთ ამაზე ხელის მოწერა. წელს არის ხელისუფლების ცვლილების წელი, დეოლიგარქიზაცია დამთავრდება კოალიციური მმართველობით და ამისთვის ჩვენ სრულფასოვნად ვემზადებით. ბევრი სიახლე იქნება ჩვენი მხრიდან, რომელსაც გამოვიყენებთ როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დღეს, რათა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხოს ქართველი ხალხის ნების გაყალბება“, – განაცხადა ვაშაძემ.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ცესკო-მ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია, არა 19 დღით ადრე, როგორც ახლა არის მითითებული, არამედ გაცილებით ადრე.

„საარჩევნო უბნების შექმნა უცხოეთში, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. მილიონზე მეტ ჩვენს მოქალაქეს თუ არ მივცემთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, როგორ შეიძლება, არჩევნები იყოს ლეგიტიმური? ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი იქნება ჩვენთვის, ჩვენს თანამემამულეებს მივცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ცესკო ვალდებულია, ახალ მისამართზე რეგისტრირებასთან ერთად ახალ საარჩევნო უბანზე გაამწესოს ადამიანი. მაგალითად, თქვენ ცხოვრობთ გლდანში და გადახვედით საცხოვრებლად საბურთალოზე, მისამართი ხომ შეიცვალეთ, შესაბამისად, ახალ ადგილზე ხომ უნდა იყოთ საარჩევნო უბანში? რა მნიშვნელობა აქვს, ქვეყნიდან ქვეყანაში თუ გადახვედი, ონლაინში აღირიცხება ეს ყველაფერი. ვცხოვრობ ესპანეთში, გადავედი საფრანგეთში, მივუთითე, რომ ახლა მე ვცხოვრობ პარიზში, რა არის განსხვავება? როგორ შეიძლება, ეს სულელური არგუმენტები მოვისმინოთ? მილიონ ქართველს უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, 2×2 არის 4 და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი თანამემამულეების ხმები არ დაიკარგოს“, – განაცხადა ვაშაძემ.