გიორგი ვაშაძე  - ფრიდონ ბუბუტეიშვილის ჩვენება არის „ქართული ოცნების“ მორიგი შეთხზული ტყუილი, ეს შედეგს ვერ გამოიღებს
გიორგი ვაშაძე - ფრიდონ ბუბუტეიშვილის ჩვენება არის „ქართული ოცნების“ მორიგი შეთხზული ტყუილი, ეს შედეგს ვერ გამოიღებს

26 ოქტომბერს ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დასრულდეს იძულებითი ჩვენებები, ძალადობები, საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე სასამართლო პროცესზე ფრიდონ ბუბუტეიშვილის ჩვენებას გამოეხმაურა.

„გაკოტრებული და მარცხისთვის განწირული „ქართული ოცნების“ მორიგი შეთხზული ტყუილი და მონაჩმახი, მეტი არაფერი არ არის ეს. 26 ოქტომბერს ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დასრულდეს იძულებითი ჩვენებები, ძალადობები და საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია. ეს ყველაფერი არის ხელწერა „ქართული ოცნების“, რომელიც მარცხისთვის განწირული, გაკოტრებულია, დახელოვნებულია ტყუილების შეთხზვაში. მიზნად აქვთ ჩვენი დისკრედიტაცია ან უფრო მეტიც, მარცხდებიან და ქაოტურად დგამენ ნაბიჯებს. ეს ვერაფერ შედეგს ვერ გამოიღებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, რომელსაც პროკურატურა პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავება, განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა. „ეს ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით. მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო. ფაქტი სახეზეა, არც გავყავარ და…“ – განაცხადა ბუბუტეიშვილმა 17 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე.