გიორგი ვაშაძე - 14 მილიარდიც გველოდება, ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა, აღმშენებლობა, მაგრამ მთავარია, 26 ოქტომბერს მოვიშოროთ ივანიშვილი და „ოცნება”
გიორგი ვაშაძე - 14 მილიარდიც გველოდება, ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა, აღმშენებლობა, მაგრამ მთავარია, 26 ოქტომბერს მოვიშოროთ ივანიშვილი და „ოცნება”

ბიძინა ივანიშვილის ყველა განცხადება, მისი საუბარი მიუთითებს, რომ მან კარგად იცის, მარცხდება არჩევნებში და ნერვიულობს, რომ დიდძალ ქონებას კარგავს, – ასე ეხმაურება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბერს ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას ჩამოშორდება, რასაც სწრაფი რეფორმები, ევროინტეგრაცია და აღმშენებლობა მოჰყვება.

„ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ბიძინა ივანიშვილს ვადა გაუვიდა – ასე შეიძლება შევაფასოთ მისი გუშინდელი ინტერვიუ. თქვენი დრო დამთავრდა, შეეშვით ამ ქვეყანას, დაანებეთ თავი, თქვენც ხომ კარგად იცით, რომ წაგებული გაქვთ ეს არჩევნები. გუშინ მთელი თქვენი საუბარი ამის მტკიცებულებაა, თქვენ მარცხდებით ამ არჩევნებში და რაც უფრო მალე შეეგუებით ამ მარცხს, მით უკეთესი იქნება. გუშინ ბიძინა ივანიშვილის ყველა განცხადება, მისი საუბარი მიუთითებს, რომ მან კარგად იცის, რომ მარცხდება არჩევნებში და კიდევ ერთი, ნერვიულობს, რომ დიდძალ ქონებას კარგავს და ამ ქონებით უნდა ივაჭროს და მიიღოს მარცხის შემდეგ, სხვა არაფერი. რაც შეეხება 14 მილიარდს, ბატონო ბიძინა, თქვენ ისიც ძალიან კარგად იცით, რომ თქვენ აფერხებთ ამ 14 მილიარდის მიღებას, რომელიც საქართველოსთვის არის გამზადებული, ამიტომ არის, რომ ასე განიცდის თქვენი გუნდი ამაზე საუბარს. თქვენი დრო დამთავრდა, 26 ოქტომბერს ჩვენ მოვაშორებთ თქვენს ხელისუფლებას, წავალთ სწრაფად ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს და ქვეყანა წავა წინ. ვადა გაგივიდათ, შეეშვით ამ ქვეყანას, აბსურდების საუბარს, დეტალებში ხომ ვერ შევალთ, ათასი სისულელე მოვისმინეთ გუშინ, მაგრამ მოკლე შეჯამება გუშინდელი თქვენი ინტერვიუსი არის, რომ თქვენ იცით, მარცხდებით, თქვენი დრო დამთავრდა, ვადა გაგივიდათ, შეეშვით საქართველოს, წინ ევროკავშირისკენ“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„საზოგადოებას ვეუბნები, 26-ში რაც შეიძლება მეტი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა დიდი გამარჯვება მოვიპოვოთ და სწრაფად წავიდეთ ევროკავშირისკენ. 14 მილიარდიც გველოდება, უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან, დიდი განვითარება, აღმშენებლობა, რეფორმები, მაგრამ ახლა მთავარია, 26 ოქტომბერს რეფერენდუმში მოვიშოროთ ივანიშვილი და „ოცნება“ და წავიდეთ ევროპისკენ, წინ დიდი გამარჯვებისკენ“, – განაცხადა ვაშაძემ.