გიორგი ტყემალაძე - თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინელი ხალხის მიმართ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიება განახორციელა
თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინელი ხალხის მიმართ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიება განახორციელა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
რაც შეეხება უკრაინელი გმირების სახელობის ქუჩის სახელდებას, საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, უახლოეს თვეებში საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცედურა უნდა დასრულდეს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების ნორმალიზებას.
„ელჩის დანიშვნის შემდეგ ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა: „ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა“.