გიორგი ტყემალაძე - მერიის ინიციატივები თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების დასაწყისია
თბილისის მერია აქტიურად მუშაობს და პირველივე წელს ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებების მნიშვნელოვან ნაწილს, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერის კახა კალაძის მიერ გამოთქმულ ინიციატივებთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც ცნობილი გახდა, წლის ბოლომდე თბილისის დამატებით 100 ახალ, მაღალი სტანდარტის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსს შეისყიდის. მისივე თქმით, ასევე, ხორციელდება ინსტიტუციური რეფორმა, იცვლება მიდგომა ქალაქგეგმარებითი პროცესის მიმართ.
„ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მშენებელი პირი ვალდებული იქნება მერიას წარუდგინოს და შეუთანხმოს დენდროლოგიური პროექტი, თბილისში ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, რადგან მშენებელი ვალდებული იქნება მინიმუმ 3-მეტრიანი სიმაღლის ნერგები დარგოს და მოუაროს მათ. თბილისში არსებული ქაოტური განაშენიანების პირობებში ასეთი მოთხოვნების დაწესება ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ტრანსპორტის ნაკადების გათვალისწინება. მისი თქმით, ეს ქალაქში საცობების განმუხტვისკენ და ტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
დღესვე პირველად დამტკიცდა აქტი, რომლითაც განისაზღვრა 50-ზე მეტი, თბილისის კლიმატისთვის ყველაზე შესაფერისი ხის სახეობა, რომლითაც თბილისი გამწვანდება.
„ეს არის მწვანე და ეკოლოგიურად მდგრადი ურბანული განვითარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები და ძალიან მალე უკვე საკანონმდებლო დონეზე იქნება წარდგენილი ცვლილებათა პაკეტი, რაზეც საქართველოს პარლამენტთან მუშაობა დაწყებულია,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.