გიორგი ტუღუში - საპატრიარქოს ჟურნალისტის მიმართ შესაძლოა, კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეს, მაგრამ სიტყვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს
ბევრი ადამიანისთვის კონკრეტული გადაცემა ან ჟურნალისტის გამონათქვამები შესაძლოა, მტკივნეული იყოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინიციატივით გამოვიდეთ, რათა ადამიანს გამოხატვის კონსტიტუციური უფლებები შეეზღუდოს, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას, სადაც სამღვდელოებას მოუწოდებენ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ.
როგორც ტუღუშმა განაცხადა, ეკლესიასა და საპატრიარქოს კონკრეტული გადაცემის ან ჟურნალისტის მიმართ, შესაძლოა, კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეს, მაგრამ სიტყვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს. მისი თქმით, ხელისუფლებამ სხვადასხვა კანონის მიღებით ცენზურას ხელი არ უნდა შეუწყოს.
„ჩვენ ბოლო პერიოდია ვაკვირდებით იმას, რომ ხელისუფლებას აქვს მცდელობა, კანონებში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს და ამით სიტყვის თავისუფლებას ზიანი მიაყენოს. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ბევრი ადამიანისთვის კონკრეტული გადაცემა ან ჟურნალისტის გამონათქვამები შესაძლოა, მტკივნეული იყოს, ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ინიციატივით გამოვიდეთ, რათა ადამიანს გამოხატვის კონსტიტუციური უფლებები შეეზღუდოს“, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
საქართველოს საპატრიარქომ 24 მაისს სამღვდელოებას მოუწოდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ, არ მისცენ ინტერვიუ და მონაწილეობა არ მიიღონ მათ არც ერთ გადაცემაში.
საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ „აღნიშნული ტელეკომპანიის გადაცემები იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს“. საპატრიარქოს განცხადება მოყვა გადაცემა „არჩევანში“ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ კომენტარს.
„შეამჩნევდით, რომ სტუდიაში დღეს ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“.