გიორგი ტუღუში - დრო გვიჩვენებს, პრეზიდენტისა და ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობა, რა შედეგს გამოიღებს
პრეზიდენტისა და ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობა საინტერესო თემაა, თუმცა რეალურად რა შედეგს გამოიღებს, დრო გვიჩვენებს, – ეს განცხადება პირველ არხთან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ე. წ გირგვლიანის შესწორებების საკითხზე დღეს გაფორმებული მემორანდუმის კომენტირებისას გააკეთა.
როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, კონკრეტულად რა სახის თანამშრომლობა იქნება პრეზიდენტისა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ჩემთვის ძნელი გასაანალიზებელია.
მისივე თქმით, თუ ადვოკატები კონკრეტულ საქმეებს ხელს მოკიდებენ და სასამართლომდე მიიტანენ, შემდეგ ძალიან ბევრი სასამართლოზე იქნება დამოკიდებული.
გიორგი ტუღუშმა კომენტარი პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილზეც გააკეთა, რომელიც „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას, ე. წ გირგვლიანის შესწორებებს ეხება.
ტუღუშის თქმით, ნებისმიერ ადამიანს ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი და ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევდნენ პასუხი უნდა აგონ, იმის მიუხედავად დანაშაული ვისი ხელისუფლების პირობებში ჩაიდინა.
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს იმედი არ აქვს, რომ საქართველოში რაიმე სამართლებრივ ჩარჩოებში პოლიტიკური მოტივაციის გარეშე განხორციელდება და ამას შოუს სახე არ ექნება.
”პრეზიდენტის არაერთი განცხადება მაქვს მოსმენილი, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულს უკავშირდება. „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტის თანამშრომლობა რთული თემაა. შეიძლება რაღაც თემებზე თანხვედრა ჰქონდეთ ამასაც დრო გვიჩვენებს”, -განაცხადა ტუღუშმა.
გიორგი ტუღუშის თქმით, თუ „ქართულ ოცნებას“ რეალური მართლმსაჯულების პრობლემა აწუხებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას ხელი შეუწყოს.
„ჩვენ ე.წ გირგვლიანის შესწორებები ჯერ არ გვინახავს. „ქართული ოცნებისგან“ მოვისმინეთ, რომ ამ კანონპროექტის ინიცირება იქნებოდა, თუმცა ჯერ განხილული არ ყოფილა. როდესაც მმართველი გუნდი მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელის შეშლაზე საუბრობს, მათ თუ ეს პრობლემა რეალურად აწუხებთ ნათელი მაგალითი მუხთარლის საქმეა, როდესაც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი რეალურად ეშლება. კეთილი ინებონ და გვაჩვენონ, რომ ეს ასე არ არის და ხელი ამ საქმის გამოძიებას შეუწყონ”, – აღნიშნა ტუღუშმა.