გიორგი თხელიძე - ვალუტის კურსის რყევებით გამოწვეული რისკების დაზღვევა ლარის რესურსის მოზიდვით არის შესაძლებელი
ეროვნული ვალუტის კურსის რყევებით გამოწვეული რისკების დაზღვევა კაპიტალის ბაზრის მეშვეობით ლარის რესურსის მოზიდვით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემის თანაწამყვანი და კომპანია „გურიელის“ დირექტორი მიხეილ ჭკუასელი დაინტერესდა, როგორია „თიბისი ბანკის“ ბოლო პროგნოზი ეროვნული ვალუტის კურსის მიმართ. ჭკუასელმა სტუმარს შეახსენა, რომ ახლახანს, როდესაც რუსული სანქციების საფრთხე გაჩნდა, „თიბისი ბანკმა“ ვარაუდი გამოთქვა, რომ მაღალი შოკის შემთხვევაში, ლარის გაცვლითმა კურსმა ერთი აშშ დოლარის მიმართ შესაძლოა, 3 ლარიან ზღვარსაც გადააჭარბოს.
თხელიძის განმარტებით, ლარის კურსის რყევა გარდაუვალია და რისკების მიმართ საუკეთესო იმუნიტეტი კაპიტალის ბაზრის მეშვეობით ფინანსური რესურსის მოზიდვაა.
„კურსის პროგნოზირება საკმაოდ საფრთხილო თემაა. იმ პერიოდში, როდესაც ემბარგო ახალი თემა იყო, ერთი მხრივ, ძალიან ბევრი გაურკვევლობა არსებობდა და მოლოდინებში ბევრი ნეგატივი გაჩნდა. დღეს მოლოდინები შერბილებულია, რაც ლარის კურსზეც აისახა. აქ ყველაზე დიდი რჩევა და სწორი დაკვირვება ის იქნება, რომ გარკვეულ პერიოდებში მსგავსი რყევები გარდაუვალია. ამ რყევების მიმართ კი, კლიენტებს იმუნიტეტს უქმნის სწორედ კაპიტალის ბაზრის გავლით ლარის რესურსის მოზიდვის შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი თხელიძემ.