გიორგი ტატუნაშვილი - კომპენსაციის მიღებით დაინტერესებული არ ვართ, გვინდა, ჩვენი შვილის მკვლელები ვნახოთ განსასჯელის სკამზე
კომპენსაციის მიღებით დაინტერესებული არ ვართ, გვინდა, ჩვენი შვილის მკვლელები ვნახოთ განსასჯელის სკამზე, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ გიორგი ტატუნაშვილმა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ისაუბრეს საქმეზე „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“.
„ჩვენ კომპენსაციის მიღებით დაინტერესებულები არ ვართ. გვინდა, რომ ჩვენი შვილის მკვლელები ვნახოთ განსასჯელის სკამზე, დღე და ღამე ამაზე ვფიქრობ. დიდი მადლობა ყველას, ცენტრს – გაწეული შრომისთვის“, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.
ცენტრი „ემპათია“ ევროსასამართლოში გზავნის საჩივარს „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელშიც მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, წამებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილია. დასკვნა ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და ძალადობრივი სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსურ-კომისიურისასამართლო ექსპერტიზა დაასრულა.
როგორც „ემპათიაში“ აცხადებენ, აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დღეს გაიგზავნება ევროკონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), ასევე მე-5 (თავისუფლების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) და მე-13 მუხლების (ეფექტური ზომა) დარღვევისათვის.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 21 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა.
„საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.