გიორგი სიორიძე - ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის ერთპარტიული მექანიზმის დაკანონება იმას ემსახურება, რომ ხელისუფლებას ჰყავდეს კანდიდატი, რომელიც მხოლოდ მისი შერჩევით თუ მხარდაჭერით იქნება თანამდებობაზე
ფაქტია, გიორგი კალანდარიშვილი არის პიროვნება, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, და თუ პრინციპულად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად პასუხობს კითხვას, – ასე უპასუხა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ ვერ მოხერხდა ვერცერთ ჯერზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის გარშემო შეთანხმება და რა კრიტერიუმების გამო იწუნებდა მას ოპოზიცია, რის გამოც 2/3-ის, ანუ 100 ხმის მობილიზება ვერ ხერხდებოდა.
„ის არის სასურველი ხელისუფლებისთვის იმდენად, რომ მზადაა, დაარღვიოს კანონმდებლობა და შეინარჩუნოს სტატუსკვო. რატომ არ უნდა იყოს ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატურა ადამიანი, რომელიც მომდინარეობდა სისტემიდან და რომელიც არ სარგებლობდა ფართო მხარდაჭერით? ბუნებრივია, როდესაც ხარ ერთპარტიულად არჩეული, ამ შემთხვევაში არის პოტენციური დამოკიდებულების ძალიან დიდი ხარისხი. შესაბამისად, ხელისუფლებას ყოველთვის ექნება ზეგავლენის ბერკეტი. ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის ერთპარტიული მექანიზმი როდესაც დაკანონდება, ეს სწორედ ამას ემსახურება, რომ ხელისუფლებას ჰყავდეს კანდიდატი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი შერჩევით თუ მხარდაჭერით იქნება თანამდებობაზე ხუთი წლის ვადით გამწესებული“, – განაცხადა სიორიძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ასე მუდმივად მოკლე ვადით ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა აჩენს თუ არა ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოქცევის მეტ რისკს, ვიდრე პოსტზე ხუთი წლის ვადით დამტკიცება, როცა თავმჯდომარის დამოუკიდებლობა უფრო მეტად იქნება გარანტირებული, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ არის რეალობა, როდესაც გიორგი კალანდარიშვილი ორჯერ აირჩიეს ანტიჩიხური მექანიზმით, შემდეგ კი ცხრა თვის განმავლობაში ის ვადების საკანონმდებლო მოთხოვნების სრული დარღვევით არის თანამდებობაზე შენარჩუნებული.
„მას უკვე პარტია გამოუცხადებს ნდობას და შეარჩევს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც, პრეზიდენტისგან განსხვავებით, რომელიც ზეპარტიული ფიგურაა, არის მმართველი პარტიის ლიდერი. პარლამენტში და პარლამენტარიზმში პარლამენტის სპიკერი არის სწორედ ასეთი პირი. შესაბამისად, ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების, როგორც არაპარტიული წევრების ინსტიტუტი, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგება“, – განაცხადა სიორიძემ.
შეკითხვაზე, მაშინ, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უბნების 90%-ში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, როგორ უნდა გააყალბოს ხელისუფლებამ არჩევნები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც უბნის შიგნით ხდება და არ არის გაყალბების მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციული მეთოდები.
„ზოგი აღიქვამს, რომ ვიღაც ჩაყრის ზედმეტ ბიულეტენებს და ა.შ. არჩევნები არის მთლიანი პროცესი, საარჩევნო პროცესი და თუ უფრო მეტად არა, თანაბრად, მისი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ საზოგადოების ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო პროცესის მიმართ და არა მხოლოდ კონკრეტული ტექნოლოგიების მიმართ. თუ ამ ნაწილში არ იქნება ლეგიტიმაციის მაღალი დონე, არ იქნება ძალიან მაღალი ნდობა და არ იქნება საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები, რა თქმა უნდა, ამ მცირე მასშტაბზე, რაც 29 აპრილს ჩატარდა, ვერ განვზოგადდებით. აქ იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიების შეფასება“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.