„ევროლიგის“ 21-ე ტურის შეხვედრა რუსულ „ხიმკის“ და ესპანურ „უნიკახას“ შორის საოცრად დრამატული გამოდგა. უკანასკნელ წამზე ალექსეი შვედის არაზუსტ სამქულიან ტყორცნას ანტონ გილმა საფინალო სირენასთან ერთად დაამატა და რუსულ კლუბს გამარჯვება მოუტანა ანგარიშთ 68-66. არადა, მთელი მატჩის განმავლობაში სტუმრები ლიდერობდნენ.
ტაიმი მალაგელებმა 39-31 მოიგეს და არც მესამე მეოთხედში უთამაშიათ ურიგოდ, თუმცა ბოლო პერიოდი ჟოან პლაზას გუნდმა აშკარად ჩააგდო. მალაგელთა ქართველ ცენტრს გიორგი შერმადინს დიდი სათამაშო დრო მთავარმა მწვრთნელმა კვლავ არ მისცა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 10:44 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 7 ქულა და 2 მოხსნა შესძინა გუნდს.
გიორგის უშუალო კონკურენტს ჯეიმს აუგუსტინს პლაზამ გაცილებით დიდი დრო მისცა. ამერიკელმა ცენტრმა 29 წუთში: 8 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.სტუმართა შორის, საუკეთესო ადამ ვაშინსკი გახლდათ. პოლენელმა კალათბურთელმა 16 ქულა მოიპოვა. „ხიმკის“, როგორც მოსალოდნელი იყო, ალექსეი შვედმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულით დაასრულა შეხვედრა.
ამ მარცხი შემდეგ, „უნიკახა“ საპლეიოფო ზონას კიდევ უფრო დაშორდა. მალაგური კლუბი ამ ეტაპზე 11-ე ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში სტამბოლის „ეფესს“ საკუთარ მოედანზე მიიღებს.