გიორგი შერმადინის 27 ქულა „ბარსელონასთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინი თითქმის მარტო ებრძოლა „ბარსელონას“ და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა პირადი სტატისტიკა ჰქონდა ისეთი, ნებისმიერი ვარსკვლავი ხელს მოაწერდა. შერმადინმა 25 წუთში 27 ქულა ჩაუგდო მასპინძელ „ბარსელონას“, მისი „ტენერიფე“ კი დაძაბულ ბრძოლაში – 65:69 დამარცხდა.

ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში. შერმადინის დიდებული თამაშის წყალობით „ტენერიფე“ ტოლ-სწორად ეთამაშა ჩემპიონატის ფავორიტს და გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა. ეს გახლდათ ქართველი ცენტრის შედეგიანობით მეორე საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში – შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 37 შეადგინა, ხოლო მისი საუკეთესო შედეგი „გრან კანარიასთან“ დაფიქსირდა – 41.

 

გიომ 27 ქულა ისე მოაგროვა, მხოლოდ ერთი ტყორცნა ააცილა: 25 წუთი ითამაშა, 12-დან 11 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 27 ქულასთან ერთად გიორგიმ 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ტენერიფელთაგან შერმადინის შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე ბრუნო ფიტიპალდოს მხოლოდ 10 ქულა ჰქონდა (სარგებლიანობის ინდექსი 19).  აღსანიშნავია, რომ შერმადინი ბოლო 3 ტურიდან ორჯერ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე და დიდი შანსია, ამ, 30-ე ტურის MVP-ის ტიტულიც დაიმსახუროს.

ტენერიფეს“ 19 მოგებითა და 11 მარცხით ცხრილში მე-5 ადგილი უკავია და შემდეგ, 30 აპრილს გასამართ 31-ე ტურის მატჩში ანალოგიური შედეგის მქონე კონკურენტს, „მანრესას“ ხვდება.