საკალათბურთო „ევროლიგის“ მე-5-ე ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის მალაგას „უნიკახამ“ გასვლაზე სტამბოლის „ეფესი“ დაამარცხა. ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ესპანური კლუბის ქართველმა ცენტრმა შეიტანა.
შერმადინმა თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოან პლაზამ, კვლავ არ მისცა დიდი სათამაშო დრო. ამის მიუხედავად, გიორგის მონაგარმა 18 წუთში: 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შეადგინა.
უშუალოდ თამაში საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ბოლო მეოთხედის წინ, მასპინძლები 6 ქულის სხვაობით ლიდერობდნენ. დასკვნითი ათწუთიანი მონაკვეთი მალაგელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მატჩი საბოლოო გამარჯვებით დაასრულეს – ანგარიშით 79-75.
შერმადინის მსგავსად, 13-13 ქულა გააკეთეს რეი მაკოლუმმა და ნემანია ნედოვიჩმა. მასპინძელთა შორის ორმაგი დუბლი შეასრულა ვლადიმერ შტიმაცმა. სერბმა ცენტრმა 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა აქტივში.
„უნიკახას“, ხუთი ტურის შემდეგ, ორი მოგება და სამი მარცხი აქვს. მალაგას გუნდი მომდევნო შეხვედრაში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.