„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ საარჩევნო კამპანია ნარაზენიდან დაიწყო.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ნარაზენის მოსახლეობას სოფლის ცენტრში შეხვდა, ხარების დღესასწაული მიულოცა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა. მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრას პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდა.
„ნარაზენი, ერთ-ერთი განსაკუთრებული სოფელია ჩვენს მუნიციპალიტეტში, სწორად აქედან ვიწყებ ჩემს საარჩევნო კამპანიასაც. მინდა გითხრათ ის, რის განხორციელებას ვაპირებთ უკეთესი ზუგდიდისთვის. ჩემი მიზანი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებაა.
ჩვენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. დაწყებულია 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია, 10 ქუჩაზე კი ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მოხდება. მოეწყობა სანიაღვრე არხები, ტროტუარები და ეზოები.
წელს, სოფლებში 16 გზის რეაბილიტაცია მოხდება. მიმდინარეობს შამადელაში საბეჭვაიოს გზის და ოფაჩხაფუ-ნარაზენის გზის მშენებლობა. სიჭინავების უბანსა და შამადელაში კი წყალმომარაგების სამუშაოები განხორციელდება. ნარაზენში გარემონტდება ამბულატორია, ასევე ვგეგმავთ ხანდაზმულთა თავშესაფრის მშენებლობას. თქვენს სოფელში გაზიფიცირების პრობლემაა, რომლის მოგვარებაც ვიწყებთ. ზუგდიდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტი იქნება საქართველოში“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ახალგაზრდულ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული საკითხები მისთვის პრიორიტეტი იქნება.