გიორგი შენგელია - ხალხის შეცდომაში შეყვანას ჯობია, მოვეშვათ, ეყოთ ვაჟკაცობა, მოგვილოცონ გამარჯვება
გიორგი შენგელია - ხალხის შეცდომაში შეყვანას ჯობია, მოვეშვათ, ეყოთ ვაჟკაცობა, მოგვილოცონ გამარჯვება

ყველანაირი მონაცემით ვართ გამარჯვებული, ეს ოფიციალური მონაცემებითაც დადასტურდება, რომელსაც გამოაქვეყნებს ცესკო, – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა.

კითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებდა სანდრა რულოვსის განცხადებაზე, რომ „გაერთიანებული ოპოზიცია“ არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებს, გიორგი შენგელიამ აღნიშნა, რომ ის ყველა მონაცემით იმარჯვებს, რაშიც მისი ოპონენტებიც დარწმუნდებიან.

„ჩვენ ვემიჯნებით პროვოკაციულ განცხადებას. პირიქით, ჩვენ ყველანაირი მონაცემით ვართ გამარჯვებული. ეს ოფიციალური მონაცემებითაც დადასტურდება, რომელსაც ძალიან მალე გამოაქვეყნებს ცესკო და ჩვენი ოპონენტებისთვისაც ცხადი იქნება ეს ყველაფერი. ამიტომ ხალხის შეცდომაში შეყვანას ჯობია, მოვეშვათ და ეყოთ ვაჟკაცობა, მოგვილოცონ გამარჯვება“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

კითხვაზე, რას ეტყოდა სანდრა რულოვსს და ხომ არ აპირებს, შეხვდეს,  გიორგი შენგელიამ განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ ადამიანთან შესახვედრად.

„ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ ადამიანთან შესახვედრად. ეს იქნება ჩვენი გუნდის წევრი თუ ოპონენტი, ადამიანური ურთიერთობები ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მაღლა დგას. ასე რომ, ნებისმიერ დროს მზად ვარ, შევხვდე ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ზუგდიდის კეთილდღეობა აწუხებს, ვისაც ზუგდიდის განვითარება უნდა და ვინც ნებისმიერ რჩევას მომცემს ზუგდიდის უკეთ განვითარებაში. ზუგდიდელებს მადლობას ვეუბნები ნდობისთვის“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.