გიორგი შენგელია - დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ
აქტივობის შემთხვევაში, გვაქვს მოლოდინი, რომ პირველივე ტურში დასრულდება არჩევნები, ჩვენი გამარჯვებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი შენგელიამ აღნიშნა, რომ მას აქვს ბრწყინვალე განწყობა.
„ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს ვუსურვებ, რომ დღეს იყოს მშვიდობიანი დღე და ეს იქნება მშვიდობიანი არჩევნები, ჩვენი მოქალაქეები მშვიდობიან გარემოში მისცემენ ხმას და დააფიქსირებენ არჩევანს. ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას და უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს და გაგრძელებას იმ პროექტებისა, რომელიც დაწყებულია. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ.
განწყობა არის ბრწყინვალე. ჩვენი ხალხის განწყობიდან გამომდინარე, ჩვენ, დარწმუნებული ვართ, რომ ამ ორთაბრძოლაში გავიმარჯვებთ.
ყველა კანონდარღვევასთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან. ყველა ფაქტი აღმოფხვრილი იქნება, რომელი მხარის მიერაც არ უნდა იყოს ჩადენილი, ამაზე განცხადება უკვე გააკეთა შსს-მ“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.