გიორგი შარვაშიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტის სტუდენტების მისაღებად მზადაა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა მიიღოს სტუდენტები, რომელთა უმაღლეს სასწავლებელსაც ავტორიზაცია შეუჩერდა, – ამის შესახებ თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“თუ სახელმწიფო აკრედიტაცია არ აქვს უმაღლეს სასწავლებელს, ესე იგი, მას არ აქვს შესაბამისი ხარისხი. აკრედიტაცია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით გამკაცრდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა მიიღოს სტუდენტები, ჩვენ ღია ვართ ყველასთვის. არც ერთი სტუდენტი არ დარჩება გარეთ. თემაზე კონსულტაციები დიდი ხანია დაწყებულია“, – განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს თბილისის სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია გაუუქმდათ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტის არც ერთი სტუდენტი სასწავლებლის მიღმა არ დარჩება.