გიორგი შარვაშიძე - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება ყველა დონეზე, ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ პოზიტიური გამოხმაურებაა ორივე ქვეყანაში
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება ყველა დონეზე. ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ პოზიტიური გამოხმაურებაა ორივე ქვეყანაში და ამ ფორმატში მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ სომხეთში საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა.
შარვაშიძე იმედოვნებს, რომ 2024 წელს ახლოს მივლენ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან.
„სამშვიდობო მოლაპარაკებები იყო და ყველა დონეზე გრძელდება. ორი დღის წინაც შედგა ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში. პოზიტიური მესიჯია, როცა ყველა დონეზე ხდება მოლაპარაკება. კონკრეტულად საქართველოს როლს რაც შეეხება, უპირველესად ეს უკავშირდება პრემიერის სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკას და პოზიტიური გამოხმაურებაა როგორც ერთ ქვეყანაში, ისე მეორეში. ამ ფორმატში მუშაობა მიმდინარეობს. რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა და დარწმუნებული ვარ, შეხვედრები გაგრძელდება. იმედია, 2024 წელს ძალიან ახლოს მივალთ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.