გიორგი შარვაშიძე - 14 აპრილი ერთ-ერთია იმ დღეებს შორის, რომელმაც შექმნა ჩვენი თანამედროვე ისტორია
14 აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ცხოვრებაში, ის ერთ-ერთი იმ დღეთაგანია, რომელმაც შექმნა ჩვენი თანამედროვე ისტორია, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ თსუ-ში განაცხადა, სადაც დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება.
მისი თქმით, 40 წლის წინ 14 აპრილს ჩამოყალიბდა ქართული სამოქალაქო საზოგადოება და დაიწყო ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მეორე ტალღა.
„იმ დროს რამდენიმე ეპიცენტრი იყო, ერთ-ერთი უპირველესი გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მწერალთა კავშირი. არავის ჰქონდა განცდა იმისა, რომ მართლა შესაძლებელი იყო იმპერიული მანქანის დამარცხება. თუმცაღა ის თვითშეგნება და მასიურობა, რომელიც გამოიხატა, საბჭოთა კავშირის ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევა იყო. ამ ეპოქაში მსგავსი გამოსვლა არ მომხდარა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მთელი ერი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა და შევძელით ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გადარჩენა”, – განაცხადა შარვაშიძემ.