გიორგი შარაბიძე - საარჩევნო უბნებზე იქნება ინდივიდუალური კალმები, რათა ამომრჩეველს არ მოუწიოს სხვის მიერ შევსებულ კალამზე ხელით შეხება
საერთო ძალისხმევაა, 31 ოქტომბრის არჩევნები ამომრჩევლისთვის უსაფრთხო იყოს, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ის უნდა მოიცავდეს ყველა პირობას, რაც აუცილებელია არჩევნების წარმატებულად ჩატარებისთვის. ორიოდე საათის წინ დამთავრდა ძალიან დიდი საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია, რომლის მასპინძელიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია გახლდათ. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია წელს არის ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის პრეზიდენტი და 120-მდე მონაწილე, მსოფლიოს ყველა წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო ადმინისტრატორი დღეს, მთელი დღის მანძილზე სწორედ ამ საკითხებზე ვმსჯელობდით. ასე რომ, ჩვენ ვფლობთ ყველა საერთაშორისო გამოცდილებას“, – განაცხადა შარაბიძემ.
მისი თქმით, დღეს არსებული მონაცემებით, არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია უბნებს არ გახსნის.
„გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა საქართველოს საგარეო სამინისტროსთან და ფაქტობრივად, ყოველ ორ კვირაში გვაქვს ინფორმაცია, თუ რა სიტუაციაა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ტრადიციულად ვხსნიდით ხოლმე უბნებს. შეიძლება, ეს მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, ან საქართველოს სახელმწიფოს სურვილზე არ იყოს დამოკიდებული. ეს ამავე დროს, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ეპიდსიტუაცია იქნება იმ ქვეყნებში. თუმცა, ამ ეტაპისთვის, დღეს არსებული მონაცემებით, არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია არ აპირებდეს საარჩევნო უბნების გახსნას. ვგულისხმობ იმ ტრადიციულ ქვეყნებს, სადაც უბნები იხსნება“, – განაცხადა შარაბიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა წესების დაცვა მოუწევს ამომრჩეველს, გიორგი შარაბიძემ განაცხადა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველანაირი ზომა.
„კომისიის წევრები იქნებიან პირბადეებით, ფარებით, რეზინის ხელთათმანებით. შემიძლია, დადასტურებით გითხრათ, რომ იქნება ინდივიდუალური კალმები იმისთვის, რათა ამომრჩეველს არ მოუწიოს სხვის მიერ შევსებულ კალამზე ხელით შეხება. ის ერთხელ გამოიყენებს კალამს და შემდეგ, იქნება ის პირობა, რომ უსაფრთხო ადგილას მოთავსდეს. დაცული იქნება ყველა ასეთი პირობა. გარდა ამისა, ამომრჩევლებს ექნებათ ვალდებულება, უბანზე შესვლისას პირბადე იქონიონ. იმ შემთხვევაში, თუ მათ პირბადე დარჩებათ, რა თქმა უნდა, ამას საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.