გიორგი შარაბიძე - გვინდა, ვთხოვოთ ყველას, იქნებ თავი დავანებოთ საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში შეტანას და ვისაუბროთ პროცედურებზე, ელექტრონულ, ამ რევოლუციურ ცვლილებებზე
გიორგი შარაბიძე - გვინდა, ვთხოვოთ ყველას, იქნებ თავი დავანებოთ საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში შეტანას და ვისაუბროთ პროცედურებზე, ელექტრონულ, ამ რევოლუციურ ცვლილებებზე

მე გახლავართ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე, პროფესიული ნიშნით არჩეული და, შესაბამისად, თავს უფლებას ვერ მივცემ, ვიყო პოლიტიკური მიმომხილველი, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„სამწუხაროდ, როდესაც საარჩევნო კოდექსზეა საუბარი, ყველას ან ზოგიერთს ავიწყდება ის ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ დანიშნული კომისიის წევრი არ წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტს და ის უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელი. სამწუხაროდ, რასაც თქვენს ეთერში ვისმენდი, ეს გახლდათ პოლიტიკური მიმოხილვა და ეს არ იყო საარჩევნო ადმინისტრატორის მიმოხილვა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა შარაბიძემ.

აღნიშნულის შესახებ, გიორგი შარაბიძემ გადაცემაში ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სიორიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრატორის ვადა იწურება მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი შემცვლელი ირჩევა, რაც 2006 წლიდან მოქმედებს და მცდარია საუბარი, თითქოს ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მოვალეობის შემსრულებელია.

„ის არ არის მოვალეობის შემსრულებელი, ის არის მოქმედი თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსის თანახმად. ერთიც მინდა, ვთქვა და ფაქტი შევახსენო ყველას, გიორგი კალანდარიშვილის კენჭისყრები იყო მზარდი და მეორე, მას ჰქონდა მრავალპარტიული მხარდაჭერა, ეს თუ ვინმეს ახსოვს და აინტერესებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ტიპის დისკურსებში ასეთი ფაქტები იკარგება“, – აღნიშნა შარაბიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, კვორუმის შეცვლას, ცესკო-ს თავმჯდომარის ხანგრძლივი ვადით არჩევას უბრალო უმრავლესობით და პროცესიდან პრეზიდენტის გამოთიშვას, გიორგი შარაბიძემ განაცხადა, რომ ეს შეკითხვები პოლიტიკურია, ის კი ისაუბრებს, როგორც საარჩევნო ექსპერტი.

„ყველაფერს უნდა შევხედოთ საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის ჭრილში. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ მოკლე ვადით არჩეული თავმჯდომარეების და წევრების შემთხვევაში ყოველთვის წამოიწეოდა ხოლმე პოლიტიკურად თემა იმასთან დაკავშირებით, არიან თუ არა ეს ადამიანები მიკერძოებულები და არიან თუ არა რეალურად პროფესიონალები. ხანდახან ბრალად ისიც კი ისმოდა, ადამიანი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობსო, თითქოს ეს რამე დანაშაული იყოს. აქედან გამომდინარე, საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ ვადაც, ხანგრძლივობაც, კვორუმიც და წარმდგენიც უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, რომ რეალურად იყოს საარჩევნო ადმინისტრაცია იმგვარად დამოუკიდებელი, რომ თავი დავიცვათ ასეთი პოლიტიკური ინსინუაციებიდან და ისე გამჭვირვალედ, ღიად ვაკეთოთ ჩვენი პროცედურები, რომ პროცედურების აღსრულებასთან დაკავშირებით არავის არ ჰქონდეს კითხვა, დანარჩენი კი პოლიტიკური შეფასებების, პოლიტიკური დღის წესრიგის თემაა. სწორედ ეს გვინდა, ვთხოვოთ ყველას, იქნებ, თავი დავანებოთ საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში შეტანას და ვისაუბროთ პროცედურებზე, ელექტრონულ, ამ რევოლუციურ ცვლილებებზე“, – განაცხადა შარაბიძემ.

შეკითხვაზე, რამდენად უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ზრდას ის გარემოება, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესში ოპოზიციის მონაწილეობა საჭირო აღარ არის, გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, რომ სანდოობაზე ხშირად არის საუბარი, თუმცა ამას ფაქტობრივი მტკიცებულებები უნდა მოჰყვეს.

„ჩვენ გვაქვს ფაქტობრივი მტკიცებულებები. ყველა გამოკითხვა, რაც კი ამ ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტარდება, ადასტურებს, რომ მიუხედავად ასეთი პოლარიზაციისა და იმ ტიპის კამპანიებისა, რაც ჩვენ გავიარეთ, საარჩევნო ადმინისტრაციის ნდობა არის მუდმივად 50%-ის მახლობლად ან ზემოთ. თუ ვინმე მეტყვის, რომ ამ პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციის ნდობა 50% ცოტაა, ეს მისი შეფასება იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, საარჩევნო ადმინისტრაცია სწორ გზას ადგას; ის არის გამჭვირვალეობის მაგალითი, ყველა პროცესი არის გამჭვირვალე და ყველა ჩართულია ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, თავი დავანებოთ საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიზებას და ამ ინსტიტუციის დემონიზებას“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.