ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმე გიორგი ქათამაძემ გამოძიებას დამატებითი ჩვენება მისცა და 19 ივნისს ავტომაგისტრალზე მომხდარის ახალი დეტალები აღწერა.
გიორგი ქათამაძე, რომელსაც ამ საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთხელ დაიკითხა. ის გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან და რამდენიმე პირთან ერთად 19 ივნისის ღამეს მცხეთაში, ავტომაგისტრალზე იმყოფებოდა, როდესაც მათ, მოწმეების ჩვენებებით, მდევრები გამოეკიდნენ.
საქმის მასალების ბოლო, 21-ე ტომის მიხედვით, საგამოძიებო უწყებას ქათამაძის უფლებების დამცველი, საადვოკატო ბიურო „ვეტო“ 21 ივლისს მიმართავს. მიმართვაში წერია, რომ 22 ივნისს, პირველი დაკითხვის შემდეგ, გიორგი ქათამაძის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა და მან აღიდგინა გარკვეული მოვლენები, შეუძლია მის მიერ მიცემული ჩვენება დააზუსტოს. საადვოკატო ბიუროს წერილში ასევე წერია, რომ მას პასუხები აქვს სატელევიზიო სივრცეში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
იმავე დღეს, საღამოს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მოწმე გიორგი ქათამაძე მოვლენების აღწერას იწყებს 18 ივნისს წვეულებაზე განვითარებული მოვლენებით. ასევე, მისი განცხადებით, ექვსმა პირმა დატოვა აგარაკის ტერიტორია და ისინი მცხეთაში, ავტომაგისტრალის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. პარალელურად, ცდილობდნენ ტაქსის გამოძახებას. ის ჩვენებაში აზუსტებს, რომ მათ გზაში კომუნიკაცია ქონდათ იმ ორ პირთან, რომლებიც დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები იყვნენ; ასევე, შემოესმა, რომ იყო ამ პირებთან დაძაბული საუბარიც.
„გადავკვეთეთ მაგისტრალი და გადავედით მეორე მხარეს, წამოვედით ფეხით თბილისის მიმართულებით. ამავე დროს, ჩვენ ვცდილობდით ტაქსის გამოძახებას. წინ მიდიოდა კოკო, მას უკან მიყვებოდა გურამ ამირხანაშვილი, შემდეგ მიდიოდნენ ვახო ახვლედიანი და გიორგი შაქარაშვილი; მათ უკან მივდიოდი მე, ხოლო ჩემს უკან მოდიოდა იაკობ ბრეგვაძე. ჩვენს უკან, მოშორებით მოძრაობდა ჩემთვის უცნობი ორი ბიჭი, როგორც შემდეგში შევიტყვე გ.მ. და ლ.შ. ამ თანმიდევრობით ვმოძრაობდით მდინარე არაგვზე გამავალ ხიდამდე. აქვე, დავაზუსტებ, როდესაც ზემოთ ხსენებულმა ექვსეულმა სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავკვეთეთ მაგისტრალი და გადავედით საპირისპირო მხარეს, მალევე ჩემს უკან შემომესმა დაძაბული საუბარი, კონკრეტულად ჩვენი ექვსეულიდან ვინ საუბრობდა, არ მახსოვს, თუმცა მახსოვს, რომ რომელიღაც მათგანს ესაუბრებოდა ზემოთ ხსენებული, მაშინ ჩემთვის უცნობი ორი ბიჭი, რომლებიც, როგორც აღვნიშნე, მოგვყვებოდნენ მოშორებით. საუბრის შინაარსი არ მახსოვს, თუმცა მახსოვს, რომ მე მივედი მათთან და ვუთხარი რა იყო დასაძაბი თუ რამე გაუგებრობა მოხდა, მეორე დღეს შევხვდებოდით ერთმანეთს და შევრიგდებოდით. ამ მომენტში, ერთ-ერთმა, რომელიც იყო გამხდარი და მაღალი, გვკითხა ტელეფონის ნომერი, რათა დაგვკავშირებოდა მეორე დღეს. მე მას ვუთხარი, რომ ჩემი ტელეფონის ნომერი უკვე ჰქონდა და ამის დასადასტურებლად მის ტელეფონში ვნახე ჩემი ნომერი, რომელზეც მან გამოუშვა ზარი. მან ასევე, მახოვს, რომ მითხრა სახელი და გვარი, ირაკლი ჩიქოვანი ვარო, თუმცა შემდეგში, როდესაც მისი ნომერი მობილური ტელეფონების ნომრების ბაზაში ვნახე, ამომიგდო გ.მ. დავრწმუნდი, რომ ის იყო გ მ. ვინაიდან შემდგომში როგორც შევიტყვე, ჩვენს უკან მოდიოდნენ გ.მ და ლ.შ.“ – აცხადებს მოწმე გიორგი ქათამაძე ჩვენებაში.
ამის შემდეგ, მოწმე ყვება რომ ის და მისი თანმხლები პირები გადავიდნენ ხიდზე და როდესაც ავტოსამრეცხაოებს უახლოვდებონენ, მათთან ახლოს გააჩერა ვერცხლისფერმა ავტომანქანამ, საიდან გადმოსულებმაც სცემეს.
„უკნიდან წამოგვეწია ვერცხლისფერი ავტომანქანა, იმ მომენტში ვერ გავარჩიე, რა მარკის იყო. როდესაც გაჩერდა, თავდაპირველად მეგონა, რომ ჩვენმა მეგობრებმა ჩამოგვაკითხეს სახლში წასაყვანად. ავტომანქანიდან გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთს დავინახე, რომ ხელში ეჭირა რაღაც საგანი, თუმცა ვერ გავარჩიე, რა იყო. დავინახე, რომ ვიწრო, გრძელი საგანი. აღნიშნული პიროვნება იყო სრული აღნაგობის, ასაკით იქნებოდა ჩვენზე უფროსი და ჰქონდა მოკლე ხელები. ამ უკანასკნელმა ხელში არსებული საგანი მოუქნია კოკოს, რომელსაც ეს საგანი დაარტყა თუ არა, არ დამინახავს. ამ დროს, მე მომხვდა თავში რაღაც და გავითიშე, გონზე როდესაც მოვედი, მახსოვს, რომ ბორძიკით ვცდილობდი, უკან, მდინარე არაგვის ხიდის მიმართულებით წასვლას. ამ დროს, უკან რამდნიმე პიროვნება მირტყამდა თავში, წინ ვხედავდი რომ ასევე ბორძიკით იმავე მიმართულებით მიდიოდა ვახო ახვლედიანი“, – აცხადებს ქათამაძე.
მოწმის ჩვენების მიხედვით, ის ცემის შედეგად გაითიშა. როდესაც გონზე მოვიდა, მასთან მივიდნენ ვახტანგ ახვლედიანი, გურამ ამირხანაშვილი და გიორგი შაქარაშვილი. რამდენიმე წუთში კი, ტერიტორიაზე გადაუხვია მეორე ავტომანქანამ. მისი თქმით, ისინიც მდევრები იყვნენ. ახალგაზრდები ტერიტორიიდან გაიქცნენ, თუმცა ქათამაძის თქმით, მიყენებული დაზიანებების გამო, მან შორ მანძილზე სირბილი ვერ შეძლო.
„რამდენიმე მეტრის გარბენის შემდგომ, მე გავხდი შეუძლოდ. ვეღარ ვაგრძელებდი გზას და ვგრძნობდი, რომ შესაძლოა, წავქცეულიყავი. დავინახე, რომ გზის სავალი ნაწილის გამყოფ ზოლში იყო ბუჩქები და გადავწყვიტე, იქ დავმალულიყავი. ამის გამო, შევვარდი აღნიშნულ ბუჩქებში და დავიმალე გზის სავალ ნაწილებს შორის არსებულ ბუჩქებში. ვახტანგ ახვლედიანი რომელ მხარეს წავიდა, არ მახსოვს. ასევე, არ ვიცი, თუ სად გაიქცნენ გურამ ამირხანაშვილი და გიორგი შაქარაშვილი. ამ დროს დავინახე, სამი პიროვნება გამორბოდა იმავე მიმართულებით რა მიმართულებითაც ჩვენ მოვრბოდით, რა დროსაც შემომესმა მათი ყვირილი „ირბინეთ, ირბინეთ, გაიქეცით ბოლომდე მოგდევთო“. ასევე, გვაგინებდნენ უშვერი სიტყვებით, ხოლო თბილისის მიმართულებით გაქცეული არავინ დამინახავს“, – აცხადებს ქათამაძე.
მოწმის ჩვენებს მიხედვით როდესაც, სიტუაცია ჩაწყნარდა, ის ფერად შენობასთან გადავიდა და დაჯდა. ასევე, მისივე თქმით, მის ტელეფონზე უცნობმა პირმა დაურეკა, რომელიც აგინებდა.
„დამირეკა ვახო ახვლედიანმა და მითხრა, რომ ისიც სადღაც იქვე, ხიდის სიახლოვეს იმალებოდა და ჩვენს წასაყვანად მოდიოდნენ. ასევე ვესაუბრე კახა კვაჭანტირაძესაც და იმისათვის, რომ კახას გაადვილებოდა ჩემი პოვნა, ტერიტორიის ფოტო ჩავუგდე. აქვე, დავამატებ, როდესაც ზემოთ ხსენებულ ადგილზე ვიმალებოდი, ტელეფონზე შემომივიდა უცხო ნომრიდან ზარი, როდესაც ვუპასუხე, მოსაუბრემ აგდებულად მითხრა – აბა, ახლა სად იმალებით, სად არიან შენი ძმაკაცებიო და თან მაგინებდა უშვერი სიტყვებით. მე გავუთიშე, თუმცა მირეკავდა და გავუთიშე კვლავ, შემდეგ კი, მივწერე მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ ვიყავი თბილისში, ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მეგონა, მეძებდნენ და ხმაზე სურდათ ჩემი პოვნა“, – განაცხადა მოწმემ მის ჩვენებაში.
გამომძიებლის კითხვაზე, ესმოდა თუ არა ყვირილის ან ჩხუბის ხმა, მოწმე აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ გაუგია. ხოლო კითხვაზე, რატომ არ დარეკა საპატრულო პოლიციაში, მოწმემ განაცხადა, რომ პირველი თავდასხმის დროს შეშინებული იყო და აზრად არ მოსვლია დარეკვა. მას მხოლოდ ტერიტორიიდან წასვლა უნდოდა.