გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი - გიგა ტატიაშვილი აბსოლუტურად გამორიცხავს არათუ ორგანიზებას, არამედ მონაწილეობასაც კი
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მონაწილეობა კონფლიქტში არ მიუღია.
„გიგას ედავებიან ძალადობრივი ჯგუფის შექმნას, ორგანიზებას და შესაბამის ძალადობაში მონაწილეობის მიღებას. გიგა აბსოლუტურად გამორიცხავს ორგანიზებას კი არა, მონაწილეობასაც კი. ისიც არ იცოდა, რატომ მიდიოდა მცხეთაში. რეალურად, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ იქ დარჩენილი იყო ორი ახალგაზრდა, რომლეიც უნდა ჩამოეყვანა, სთხოვეს მანქანით წასულიყო. მისმა თანაკლასელებმა, მეგობრებმა სთხოვეს. გუშინ ღამით დავესწარით ამოცნობას, სადაც დაზარალებული მხარის მოწმემ ჩემს თვალწინ ამოიცნო გიგა და თქვა, რომ ეს ახალგაზრდა მოვიდა მანქანით, სავარაუდოდ იყო მძღოლი ამ მანქანისო. პოლიციელებმა მას ჰკითხეს, რას მოქმედებდა და მის მიმართ რაიმე ტიპის ძალადობა ხომ არ იყო. ცალსახად და კატეგორიულად, ამ მოწმემ გამორიცხა გიგას მონაწილეობა რაიმე ტიპის ძალადობაში. შემხებლობა არ აქვს არანაირ დანაშაულთან და მით უმეტეს, ასეთი კატეგორიულად საშინელი მუხლის წაყენება საქართველოს წინაშე დამსახურებულ ბავშვზე, ეს სამართლის ზეიმი ნამდვილად ვერ იქნება. რაც ხდება, ძალიან უცნაურია. საქმის მასალები ამ წუთამდე არ ჩამბარებია. არ ვიცი, რა ხდება სისხლის სამართლის საქმეში. სამწუხარო ის არის, რომ ეს ბავშვი არის საკმაოდ შოკირებული, ინერტულ მდგომარეობაში იმყოფება. დღეს ცოტა უკეთ იყო. შოკშია. თვითონ ხომ იცის, რომ არაფერი ჩანაფიქრი მას არ ჰქონდა, არავის მიმართ არაფერი ჩაუდენია და არის დაჭერილი. ეს ადვილი გადასახარში ყველასთვის არ არის“, – აცხადებს გიორგი ყიფშიძე.
მისივე თქმით, პოლიციის ყველა კითხვაზე დაკავებულს პასუხი აქვს გაცემული.
„ჩემი ინფორმაციით, რაღაც ეპიზოდს შეესწრო, მანქანებში მსხდომებს და დაზარალებულ მხარეს შორის რაღაც დაპირისპირება მოხდა. ღამე იყო, კონკრეტული დეტალები ღია არ არის, ფიზიკურ დაპირისპირებაზეა საუბარი, დაახლოებით ათ წამიანზე. მე ვახსენე გუშინდელი ღამის ამოცნობა და იქ შაქარაშვილის მეგობარმა ცალსახად განაცხადა, რომ გიგა რომ მივიდა მანქანით და გადავიდა, შაქარაშვილი მათთან ერთად აღარ იყო.
როცა გიგა იქ მივიდა, იქ შაქარაშვილი აღარ არის. გიგასთან ერთად, თუ არ ვცდები, ორი პირი იყო. უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა, მესამე იყო. ფურცელი არ გამაჩნია გარდა ბრალის ორი ფურცლისა, ვიდეოჩანაწერები არ მინახავს. როგორც ვიცი, ჯერ ის პირები, ვის წამოსაყვანადაც მივიდნენ, ნანახი არ ჰყავდა. ისინი ეგონათ, რომ მანქანიდან გადმოვიდნენ. რეალურად, აღმოჩდნენ სხვები. როგორც ვიცი, მერე ის სხვები გაიქცნენ. გიგას ეკითხებოდნენ ვიდეოკამერის მონაცემებს. ეს იხსენებდა და ეუბნებოდა ეს ასე იყო, ასე იყოო. ყველა კადრში გიგა აბსოლუტურად ცალკე დგას და საერთოდ არაფერში მონაწილეობას არ ღებულობს. ფაქტობრივად, იქ განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა, რადგან ისინი ეგრევე გაიქცნენ. საქმის მასალებში რა დევს, ამ ყველაფერს როგორ გვიყვება გამოძიება, მე არ ვიცი. იქ შესაძლებელია, სხვა სურათი ჰქონდეთ მათ, მე ვგულისხმობ შექმნილი სურათი, თორემ რეალურ სურათს მე გიყვებით“, – აცხადებს ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს ბრალი უკვე წარუდგინეს. საქმეზე 17 პირი არის დაკავებული.