გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არჩილ გაგნიძეს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება წარუდგინეს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ არჩილ გაგნიძეს ბრალი სსკ-ის 143-ე და 225-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, გაგნიძე არ ეთანხმება ბრალში მოყვანილ გარემოებებსა და უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადგილზე ჩავიდა სულ სხვა მიზნით. არც ერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება ამირხანაშვილს, მას შესთავაზეს წამოყვანა თბილისში და დიდუბეში მდებარე ავტოგასამართ სადგურთან ჩამოსვეს. ეს აღბეჭდილი უნდა იყოს სათვალთვალო კამერის ვიდეოფირებზე, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზეა დამონტაჟებული“, – აცხადებს ადვოკატი.
რაც შეეხება ვასილ მახარაძეს, რომელსაც ბრალი დღესვე წარედგინება, ადვოაკატის თქმით, მასაც ანალოგიური პოზიცია აქვს.
„ვასილ მახარაძესა და გიორგი შაქარაშვილს შეხება არ ჰქონიათ“, – ამბობს ადვოკატი.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს ბრალს წარუდგენენ. საქმეზე 17 პირი არის დაკავებული.