გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე შვიდი მოწმე დაიკითხა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე შვიდი მოწმე დაიკითხა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე სასამართლოს შვიდმა მოწმემ მისცა ჩვენება. დაკითხულ მოწმეებს შორის არიან, საქმის გამომძიებლები, ექსპერტები, ის პირები რომლებმაც ავტობანიდან ორი არასრულწლოვანი წამოიყვანეს და ასევე მოწმე ე.ხ, რომელიც 18 ივნისს მცხეთაში წვეულებაზე იმყოფებოდა.

დაკითხული მოწმის ე.ხ.-ის ჩვენებასთან დაკავშირებით, ადვოკატების ნაწილი ამბობს, რომ მან ამოიცნო რამდენიმე პირი, რომელთაც ჰქონდათ დაზიანებები მიყენებული, თუმცა მოწმეს არ უსაუბრია ძალადობის განმახორციელებელ პირებზე. საქმის პროკურორის თქმით, მოწმეს წარუდგინეს ვიდეომასალა, რომელიც ნარეკვავის ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერებიდან არის გადაღებული და მან  კონკრეტული პირების იდენტიფიცირება მოახდინა.

ერთ-ერთი ბრალდებულის გ.მ-ს ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ განაცხადა, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების დაკითხვისას გამოჩნდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები, არასრულწლოვნების ღამის საათებში დაკითხვა, საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოხდა. ბრალდების მხარე ადვოკატის ამ პოზიციაზე ამბობს, რომ ეს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით რომ მომხდარიყო სასამართლო დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობდა. ასევე, პროკურორის თქმით, საქმეში არსებობს გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

ექვსი არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმის განხილვა 3 სექტემბერს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. დღევანდელ სხდომას ბრალდებული ზ.ხ. არ დასწრებია. ის პროცესს უნდობლობას უცხადებს. დაკავებულ პირებს გამოძიება ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.