გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი გადაიდო
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის განხილვა გადაიდო. საქმის არსებითი განხილვა 26 აგვისტოს, 14:00 საათზე გაგრძელდება.
ერთ-ერთი არასრულწლოვანი ზ.ხ. პროცესზე შეუძლოდ გახდა და სხდომათა დარბაზი დატოვა. პროკურატურა აღნიშნულ ფაქტს მიზანმიმართულად პროცესის გაჭიანურებას უკავშირებს. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა, ზ.ხ.-სა და მისი უფლებადამცველის შემდეგ პროცესზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ბრალდებული საზოგადოებრივმა ადვოკატმა დაიცვას. სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე ვერ დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც გამოცხადებული იყვნენ სასამართლოში.
პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა განაცხადა, რომ ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ გაგრძელებულიყო პროცესი, თუმცა მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა დატოვა სასამართლო პროცესი და მოუწოდა თავის ადვოკატს, დაეტოვებინა სასამართლო პროცესი.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება ხელოვნურად პროცესი გაჭიანურება და აღნიშნული პროცესის გარემოებებიც მიმართული იყო სწორეთ იქითკენ, რომ გაჭიანურდეს, მათ რაიმე გზით გაიყვანონ ის ექვსთვიანი საპატიმრო ვადა, რომელიც შეფარდებული აქვთ. რაც შეეხება სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნულ ადვოკატს, სწორედ აღნიშნულს ემსახურებოდა, რომ მომდევნო პროცესებში ტყუილად არ ყოფილიყო იმ მოწმეების სასამართლოში მოყვანა. დაინიშნა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადვოკატი რომელიც ყავს და იცავს მის უფლებას, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას სასამართლო პროცესებში. ის სახელმწიფო ხარჯზე დანიშნულ ადვოკატთან ერთად განაგრძობს დაცვას. შემდეგ პროცესზე თუ კიდევ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, შესაძლოა, მოვითხოვოთ პროცესის გაგრძელება სახელმწიფოს დანიშნული ადვოკატის ხარჯზე და ბრალდებულის გადასაწყვეტია, ის მიიღებს თუ არა პროცესზე მონაწილეობას. მისი მონაწილეობის გარეშეც შესაძლებელია პროცესის გაგრძელება თუ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ის მიზანმიმართულად აჭიანურებს პროცესს“, – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.
ბრალდებულ ლ.შ.-ს ადვოკატი ზაქრო გვიშიანი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი აგრძელებს შიმშილობას.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ზ.ხ. გახდა შეუძლოდ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც, კანონთან კონფლიქტში მყოფი ლ.შ. აგრძელებს შიმშილობას. შესაძლოა, მომდევნო სასამართლო სხდომაზე ჩვენ იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. ძალიან რთულია, როდესაც მშრალ შიმშილობას აცხადებენ არასრულწლოვნები. ბუნებრივია, გადაიდო სასამართლო სხდომა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე დაინიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი და მომდევნო სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა