გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებს ბრალდების მხარემ მტკიცებულებები გადასცა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებს ბრალდების მხარემ მტკიცებულებები გადასცა

ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა დატოვეს.

მათი თქმით, შსს-ის მიერ გადაცემულ მტკიცებულებებში გენეტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხები საქმეში არ დევს.

„დაცვის მხარის განცხადების საფუძველზე ბრალდების მხარემ გადმოგვცა მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები. გავეცნობით აღნიშნულ მტკიცებულებებს. საუბარია მოწმეთა გამოკითხვის ოქმებზე, ინფორმაციის გამოთხოვაზე და ა.შ. სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული, რომელიც გადმოეცა დაცვის მხარეს. კონკრეტულად ვერ გეტყვით რადგან საჭიროა, გავეცნო რაც გადმომცეს, რამდენიმე ტომზეა საუბარი.“, – განაცხადა ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

მისივე თქმით, ის, თუ რა განცხადებებს აკეთებს გარდაცვლილის ოჯახი, დაცვის მხარის შესაფასებელი არ არის.

„ის, რასაც ოჯახი ავრცელებს ან ბიძა, ჩვენი შესაფასებელი არაა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ მტკიცებულებებიდან გამომდინარე. ჩვენ გვესმის მათი ფსიქოლოგიური და ემოციური დამოკიდებულება. დასკვნებს ვაკეთებთ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.

ჩვენ მივიღეთ საგამოძიებო მოქმედებების მონაწილეობა, თუმცა დეტალურად რაში ამას საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ. ყველა საგამოძიებო და საპროფესიო მოქმედებაში ვიღებდი მონაწილეობას“, – განაცხადა საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ.

თავის მხრივ, როგორც საქმეზე ბრლადებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ აღნიშნა, მათ საქმე მოცულობითია და 18 ტომს შეადგენს.

„ავიღეთ საქმის მასალები, საქმე მოცულობითია 18 ტომია უკვე. დიდი ალბათობით კიდევ დაემატება და 25 ტომამდე გახდება. სამართალმდამცველებმა გვითხრეს, რომ ამირხანაშვილის გამოკითხვა მეხუთედ არ მომხდარა და აზრი აღარ ჰქონდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მისი ჩვენება არადამაჯერებელია. გადმოგვეცა ვიდეო, აუდიო და წერილობითი მასალა. პროკურატურას ბრალია დამტკიცებისთვის მტკიცებულებები არ აქვს. ზეწოლა მიმდინარეობს და ამის შესახებ აღნიშნა კიდეც ჩემმა კოლეგამ, გელხაურმა“, – აღნიშნა კობაიძერმ.

საქმეზე ბრალდებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის კიდევ ერთი ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის ინფორმაციით, გამოკითხულია ათეულობით მოწმე, რომელთაც გარკვეული შემხებლობა ამ საქმესთან აქვთ.

„გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება ამირხანაშვილის გამოკითხვა. მეტიც, საგამოძიებო უწყება აღარ აპირებს მის გამოკითხვას. მაღალი ალბათობით ჩვენ არ უნდა ველოდოთ მის გამოკითხვას. ზოგადი სახით რასაც გავეცანით არ არსებობს მტკიცებულება ბრალის დამძიმებისა. გამოკითხულია ათეულობით მოწმე, რომელთაც გარკვეული შემხებლობა ამ საქმესთან აქვთ. გაცვლის ოქმში დღეის მონაცემებით ბიოლოგიური და გენეტიკური მასალების ექსპერტიზის პასუხები მასალებში არაა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართებით ზეწოლა არ მომხდარა“, – აღნიშნა უფლებადამცველმა.