გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარე ცხრა მოწმეს დაკითხავს. ძირითადად, დღეს დასაკითხ მოწმეთა შორის სამართალდამცველები არიან.
ასევე დაიკითხება მაშველი, რომელიც მონაწილეობდა გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოებში და სწორედ მან აღმოაჩინა გარდაცვლილის ფეხბურთელის ცხედარი. დასაკითხ მოწმეთა შორის მაგისტრალზე მყოფი ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრებიც არიან.
გიორგი შაქარაშვილის საქმის ეს ეპიზოდი მთავარი საქმეა და ხუთ დაკავებულს 19 წლის ფეხბურთელის განზრახ ჯგუფურად მკვლელობა ედებათ ბრალად. ხუთიდან ორი ბრალდებული, დაკავების მომენტში არასრულწლოვანი იყო და სწორედ ამიტომ, საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ პირების ბრალეულობას არაერთი მტკიცებულება, მათ შორის შაქარაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზაც ადასტურებს. დაკავებული პირებიდან კი ბრალს არც ერთი არ აღიარებს.