გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალების მისაღებად შსს-ში იმყოფებიან
გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში რამდენიმე ბრალდებული პირის ადვოკატები შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის მასალების ასაღებად იმყოფებიან. „ტოიოტა ქამრის“ ხუთ მგზავრს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება, თუმცა ისინი ამ ბრალდებას არ აღიარებენ.
ადვოკატ თემურ მაისურაძის განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეში ორი არასრულწლოვანია, მათ ხელი მოაწერინეს, რომ საქმის მასალებს არ გაავრცელებენ.
არასრულწლოვანი ბრალდებულის ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, საქმეში 26 ტომია, თუმცა მათთვის უცნობია, არის თუ არა საქმეში ახალი მოწმეების ჩვენებები. ასევე, ადვოკატის თქმით, აბსურდია გამოძიების ვერსია, რომ შაქარაშვილს შურისძიების მოტივით დაედევნენ, რადგან შაქარაშვილს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია.
რაც შეეხება ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატი თემურ მაისურაძე ამბობს, რომ ჩიქოვანი ფიზიკურად ვერ დაედევნებოდა გიორგი შაქარაშვილს.
საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას გამორიცხავს ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატიც. შოთა კახიძე ამბობს, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილის წინააღმდეგ ვერ იარსებებს მტკიცებულება, რადგან რევაზიშვილი იმყოფება ფერად შენობასთან და არავის არ ჩაყოლია ხევში.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.