გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირები პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირები პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი

დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირები არიან მიყვანილი. ადგილზე იმყოფებიან დაკავებულთა ადვოკატებიც, რომლებიც საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფორმაციას ჯერ ფლობენ.

ერთ-ერთი დაკავებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ჯერ სამმართველოში არ არის მიყვანილი. მისივე თქმით, ბოლოს ჩატარდა ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ქმნის საფუძველს, რომ გაგნიძის ბრალეულობა გამოიკვეთოს.

„ვიდრე არ გავეცნობით მასალებს, საუბარი იქნება აბსტრაქტული. არც ერთ შემთხვევაში არანაირი ბრალეულობა არ არსებობს“, – აცხადებს ადვოკატი.

კიდევ ერთი დაკავებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დილის რვა საათზე აიყვანეს.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ მას სავარაუდოდ ბრალი წარდგენილი სსკ-ის 126-ე მუხლით, ეს არის ძალადობა.

როგორც კი მასალები გადმოგვეცემა, დეტალურად გვეცოდინება, რატომ დააკავეს. რამდენი ადამიანია დაკავებული, არ ვიცი“, – აცხადებს დავით ჭიკაიძე.

არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.