იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი გადაწყვეტილების მისაღებად გუშინ გავიდა.
როგორც რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება სამართალზე, კანონზე და მოსამართლის შინაგან რწმენაზე დაფუძნებული. ვინაიდან, გიორგი რურუას, როგორც თავდაპირველი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება არასამართლებრივი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იქნება გამამტყუნებელი განაჩენი და ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ მას“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
მოსამართლე გიორგი რურუას საქმეზე განაჩენს დღეს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.
გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.