თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმის განხილვა გაიმართა. სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდა, ასევე დაიკითხა დაცვის მხარის ორი მოწმე.
„დღეს დაიკითხა სხდომაზე ექსპერტი, რომელმაც ისაუბრა, რომ რურუას ექსპერტიზა ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით ჩატარდა სტანდარტების უხეში დარღვევით. ამასთან, მან განმარტა, რომ შესაძლოა, ჩხირზე მოთავსებული ბამბით კისრის არედან მოხდეს ოფლის აღება და ამ ბამბის წასმა სხვა ნებისმიერ ნივთზე, მათ შორის, იარაღზე. შედეგად მასზე გადავა დნმ. აღნიშნული პოზიცია მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ფორმით მოხდა გიორგი რურუას იარაღზე დნმ-ის ნიმუშის დატანა. ის დაკავების შემდეგ მიყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში და აუღეს დნმ ისე, რომ არანაირი ოქმი არ შეუდგენიათ. ასევე დაიკითხა ბათუ ქუთელია. ბათუ ქუთელიამ გიორგი რურუასთან ერთად საპროტესტო აქციაზე გაათენა ღამე, ერთად ეზიდებოდნენ შეშას და მან გამორიცხა გიორგი რურუას მიერ იარაღის ტარების ფაქტი საპროტესტო აქციაზე“, – განაცხადა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა.
„დაცვის მხარეს წარმოდგენილი ჰყავდა მოწმე ნაზი ჩიქოვანი, რომელიც არ არის ექსპერტი, იგი არის უბრალოდ პროფესიით გენეტიკოსი და მისი შეხედულებები გაგვაცნო. ათი წელია ექსპერტად არ უმუშავია, რამე საექსპერტო კვლევა არ ჩაუტარებია. მოცემულ შემთხვევაშიც, რამე საექსპერტო დასკვნა ან მუშაობა არ განუხორციელებია. მისი შეხედულებები გავიგეთ. ასევე დაიკითხა ბათუ ქუთელია, რომელმაც განმარტა, რომ იმ დღეს, როდესაც მოხდა პირადი ჩხრეკა და ამოღება ცეცხლსასროლი იარაღის, სამი-ოთხი საათით ადრე ყავს ნანახი გიორგი რურუა და იმ დროს, არ ჰქონდა იარაღი. ეს თავისთავად არ ცვლის მოცემულობას, რაც არის სისხლის სამართლის საქმეში“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.
გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.