თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
გიორგი რურუას ადვოკატის ინფორმაციით, სხდომაზე მოწმედ წარმოდგენილნი იქნებიან პოლიციელი და ექსპერტი, რომელიც ბალისტიკური დასკვნის ავტორია. ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობის დაყენებას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ აპირებს და აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ დააყენებს. შალვა შავგულიძის თქმით, გიორგი რურუას ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
„ვინაიდან პროცესის თვისობრივად ახალ ეტაპთან მივალთ, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულებული იქნება, ბუნებრივია, აღარ იარსებებს რისკი თუ საშიშროება, რასაც ბრალდება ეყრდნობა ხოლმე, რომ თავისუფლების შემთხვევაში, გიორგი რურუას აღარ შეეძლება ზემოქმედების მოხდენა ბრალდების მხარის მოწმეებზე, მტკიცებულებებზე და ა.შ. და ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ, სამწუხაროდ, ვართ იმ რეალობაში, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და უნდა მისცეს ნებართვა სასამართლო ხელისუფლებას, რათა მან მიიღოს კანონიერი, სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება. აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეცვალოს გიორგი რურუას, ვინაიდან არ არსებობს ბრალეულობის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება, მით უმეტეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების. მით უმეტეს, როცა ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოკვლეული იქნება, შემდეგ უბრალოდ მიზეზსაც კი ვერ იტყვის ვერავინ, თუ რატომ უნდა დარჩეს კიდევ საქმის განხილვის ბოლომდე გიორგი რურუა წინასწარ პატიმრობაში“, – განაცხადა ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ.
გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.