გიორგი რუხაძე - „ქართული ოცნების“ ადგილას რომ ვიყო, თუ უპირატესობას ვგრძნობ და მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებს მაინც მოვიგებ, არ ჯობია, არჩევნები დავნიშნო და ძალაუფლებაში ყოფნა გავიხანგრძლივო?!
ევროპა ორი რამის გამო გააქტიურდა და პირველი იყო მელიას დაპატიმრება, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მანამდე, ევროპიდან განცხადებები საკმაოდ მწვავე იყო, მაგრამ ევროკავშირი რომ ასე პირდაპირ შერიგებაზე გადასულიყო, ამის ნიშნები და სიგნალები საერთოდ არ მოდიოდა. როდესაც ოპოზიციის ლიდერი ციხეში აღმოჩნდა, მათ დაინახეს, რომ ეს ქვეყანა ემსგავსება მეზობელ ქვეყანას, სადაც ოპოზიციის ლიდერი ციხეშია. შესაბამისად, მათ დაინახეს ძალიან სერიოზული საფრთხე, რომ საქართველო სერიოზულად დაშორდება ევროპას“, – განაცხადა რუხაძემ.
მისი თქმით, ისტორიას არ ახსოვს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ჩარეულიყო.
„ევროკავშირში კი არა, ევროკავშირის გარეთ. ერთადერთი გამონაკლისი არის სერბეთის კრიზისი, სადაც ამ დონის ფიგურა არ ჩარეულა. იქ იყო ევროპარლამენტის რაღაც პატარა დელეგაცია, რომელიც ჩავიდა და იყო პატარა იწილო-ბიწილო“, – განაცხადა რუხაძემ.
გიორგი რუხაძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ პოლიტოლოგ, რამაზ საყვარელიძის განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნიკა მელია სამაჯურის გადაგდებით ისე მოიქცა, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი არ უნდა იქცეოდეს.
„პოლიტიკურ ავანტიურაზე წასვლა ყველას შეუძლია. ეს უკვე ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს. პოლიტიკოსს უპასუხისმგებლოდაც შეუძლია, მოიქცეს. ეს ყველგან ასე ხდება, მთელ მსოფლიოში, პოლიტიკის ნაწილია და ჩვეულებრივი ამბავია. ხელისუფლება წამოეგო ამ პროვოკაციაზე, ახლა გაეჩხირა რაღაც სისულელეში, არ იცის, როგორ გამოვიდეს და ნახევარ მსოფლიოს აწვალებს“, – განაცხადა რუხაძემ.
როგორც რუხაძემ აღნიშნა, არჩევნები პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალებაა და ის ამიტომ გვჭირდება.
„სხვათა შორის, ნიდერლანდებს, სადაც სახელისუფლო კოალიცია ახლა ძალიან ჭრელია, შეეძლო, არჩევნები არ დაენიშნა და გადარჩენილიყო, მაგრამ ეს არ გააკეთა და თვითონ წავიდა არჩევნებისკენ. იცით, რატომ? – მიაჩნია, რომ ამ სიტუაციაში მას უპირატესობა აქვს და თუ „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ უპირატესობა აქვს, ამაზე უნდა წავიდეს. „ქართული ოცნება“ ამბობს, ოპოზიციას რაღაც ხუთი კაცი აძლევს ხმას და მიტინგზე ორ კაცს ვერ აგროვებენო, მაგრამ თქვას ასეთი რაღაც – წინა არჩევნები არ გაყალბებულა, ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, მაგრამ რადგან ქვეყანაში ასეთი კრიზისია, რადგან ქვეყანა ინგრევა, რადგან ნარიშკინი ასეთ რაღაცებს წერს, რადგან მთელი ევროპა აქ ჩამოვიდა და დაგვიჯდა, რადგან პრემიერ-მინისტრი გადადგა, მეორე პრემიერი კი ისეთ შარშია გახვეული, რომ იმის იქით არ შეიძლება, მოდით, არჩევნები დავნიშნოთო. ევროპაში ასე ხდება“, – განაცხადა რუხაძემ.
მისივე თქმით, არჩევნები სწორედ ახლა უნდა ინიშნებოდეს, რომ სიტუაცია განიმუხტოს.
„მე რომ „ქართული ოცნების“ ადგილას ვიყო, თუ უპირატესობას ვგრძნობ და მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებს მაინც მე მოვიგებ, არ ჯობია, ეს არჩევნები დავნიშნო და ძალაუფლებაში ყოფნა გავიხანგრძლივო?! პირიქით, მერე ყველანი ჩვენი მეგობრები გახდებიან და ხალხი იტყვის, ყოჩაღ, აი, ხელისუფლებამ როგორ კონსტრუქციულად განმუხტა სიტუაციაო“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.