გიორგი რუხაძე - კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი, „ქართული ოცნება“ თუ შეეცდება, მოსახლეობის ნების წინააღმდეგ მაინც დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ აუცილებლად მოხდება მაიდანი
ძალიან კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი. უკრაინელმა ხალხმა დასაჯა იანუკოვიჩი იმისთვის, რომ მან პირობა არ შეასრულა, მოატყუა უკრაინელი ხალხი. „ქართული ოცნება“ მოქმედებს ხალხის უმრავლესობის ნების საწინააღდეგოდ, ევროატლანტიკურ მიმართულებას უცვლის კურსს, იგივე ამბავია, რაც უკრაინაში, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს შემთხვევაში, პროტესტის გარდა, არსებობს ბერკეტი, რომელიც არის მოახლოებული არჩევნები.
გიორგი რუხაძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ თუ შეეცდება, არჩევნების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ აუცილებლად მოხდება მაიდანი.
„ვისაც არ ახსოვს მაიდანის ისტორია, რა და როგორ მოხდა – იანუკოვიჩის ხელისუფლება მოვიდა სათავეში. მან პირობა დადო უკრაინელი ხალხის წინაშე, რომ უკრაინას წაიყვანდა ევროკავშირის მიმართულებით, ხელს მოაწერდა ასოცირების ხელშეკრულებას, მაგრამ შემდეგ პუტინმა დაიბარა იანუკოვიჩი მოსკოვში, ისევე როგორც სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტი. სომხეთმა უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულებაზე და დამთავრდა იქ ეს ამბავი, იანუკოვიჩმა უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულებაზე და უკრაინელმა ხალხმა ტყუილი არ აპატია. ანუ, არ აპატია ქვეყნის მიტრიალება ევროპიდან რუსეთისკენ და გამოვიდა ქუჩაში, მშვიდობიანი პროტესტით. მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა შეასრულა ასევე პუტინის ბრძანება, ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს და 33 ადამიანი მოკლა, შემდეგ ამაზე უპასუხა უკვე უკრაინელმა ხალხმა და შეცვალა იქ ხელისუფლება, ამაში ცუდი რა არის, ვერ გავიგე. ძალიან კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი.
უკრაინელმა ხალხმა დასაჯა იანუკოვიჩი იმისთვის, რომ მან პირობა არ შეასრულა, მოატყუა უკრაინელი ხალხი. რაც შეეხება საქართველოს, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მოქმედებს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების საწინააღდეგოდ. ანუ, ევროატლანტიკურ მიმართულებას უცვლის კურსს. იგივე ამბავია, რაც უკრაინაში. უკრაინისგან განსხვავებით, ჩვენს შემთხვევაში, პროტესტის გარდა, გვაქვს ბერკეტი, რომელიც არის არჩევნები ოთხ თვეში. შესაბამისად, ამ არჩევნებით საქართველოს მოსახლეობა იტყვის, ეთანხმება თუ არა საქართველოს ხელისუფლების კურსს. თუ არ ეთანხმება და ის შეეცდება, რომ ნების წინააღმდეგ მაინც გააგრძელოს ეს ყველაფერი და დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ აუცილებლად მოხდება მაიდანი არჩევნების შემდეგ, თუ გააყალბებენ. მინდა, ვუთხრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ივანიშვილსაც, კობახიძესაც, პაპუაშვილსაც და დანარჩენებსაც, გააყალბებთ არჩევნებს? მოხდება მაიდანი თბილისის ცენტრალურ მოედანზე“, – აღნიშნა გიორგი რუხაძემ.