გიორგი რუხაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთი დამნაშავედ ცნონ კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევაში, რადგან ამას სხვა საქმეებთან მიმართებით თანმდევი ეფექტი ექნება
საქართველო რუსეთს რვა მუხლის დარღვევას ედავება და ძალიან მნიშვნელოვანია, კონვენციის რომელი მუხლების დარღვევაში მოხდება რუსეთის დადანაშაულება, – ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთი დამნაშავედ ცნონ ძირითადი, მეორე, მესამე და მეხუთე მუხლების დარღვევაში, რადგან ამ ყველაფერს სხვა საქმეებთან მიმართებით თანმდევი ეფექტი ექნება.
„ეს არის საქმე სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა, ამის გარდა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 1500-მდე ინდივიდუალური საქმეა შესული და თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველო, როგორც სახელმწიფო, საქმეს მოიგებს და რუსეთს კონკრეტული კონვენციის კონკრეტული მუხლების დარღვევაში დაადანაშაულებენ, ინდივიდუალური საქმეების მოგება ბევრად უფრო ადვილი იქნება“, – განაცხადა რუხაძემ.
როგორც გიორგი რუხაძემ აღნიშნა, საქართველო რუსეთს იმას კი არ ედავება, რომ ამ პერიოდში ცხინვალის რეგიონში ჩადენილი თითოეული დანაშაული კონკრეტულად რუსეთმა ან რუსეთის მოქალაქემ ჩაიდინა, არამედ იმას, რომ რადგან რუსეთი ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა, ის ყველა იმ დანაშაულზეა პასუხისმგებელი, რომელიც ჩადენილ იქნა.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ ჰააგის სამხედრო ტრიბუნალზე ქართული მხარის პოზიცია გაძლიერდება, თუ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ლაპარაკია რუსეთის მხრიდან ეფექტურ კონტროლზე, ეთნიკურ წმენდაზე და იმაზე, რომ რუსეთი ომისთვის 8 აგვისტომდე ემზადებოდა, ამ მზადების პერიოდში კი კონკრეტული დანაშაულებია ჩადენილი, რომელსაც შესაძლოა, პროვოკაციული ხასიათი ჰქონოდა.
გიორგი რუხაძემ იმედი გამოთქვა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოსთვის სასარგებლო იქნება.
„როგორც მოვისმინე, ქართული პოზიცია მტკიცებულებებით საკმაოდ სერიოზულად არის გამყარებული და იმედს ვიტოვებ, დიდი პალატა საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.