გიორგი ქობულია - ვფიქრობ, თუ ქართველი ხალხი ნდობას გამოგვიცხადებს, იმედებს არ გავუცრუებთ
ვფიქრობ, თუ ქართველი ხალხი ნდობას გამოგვიცხადებს, იმედებს არ გავუცრუებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში ბევრი რამ გამოსასწორებელია და აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს რესურსი და უნარ-ჩვევები, ყველაფერი გამოსწორდეს.
„აბსოლუტურად გულახდილად ვიზიარებ ყველაფერს, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა. ვთვლი, რომ ბევრი რამ გასასწორებელია. ჩვენ მომართულები ვართ და გაგვაჩნია რესურსი და უნარ-ჩვევები, რომ ეს გავასწოროთ. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი ეხსნება. გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები და ხედვები, როგორ უნდა გავასწოროთ, გავხსნათ ეს პოტენციალი და მივაღწიოთ მეტს ქართველი ხალხისთვის. ვთვლი, რომ თუ ქართველი ხალხი მოგვცემს ამის საშუალებას და ნდობას გამოგვიცხადებს, ამ იმედებს არ გავუცრუებთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა გაავრცელა.