გიორგი ქობულია - ვეთანხმები აზრს, რომ ჩვენთან დემოკრატიის განვითარება უსწრებს ეკონომიკის განვითარებას
ვეთანხმები აზრს, რომ ჩვენთან დემოკრატიის განვითარება უსწრებს ეკონომიკის განვითარებას, რაც არის საკმაოდ არაჩვეულებრივი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით აღნიშნა.
როგორც გიორგი ქობულიამ განაცხადა, დემოკრატიული რეჟიმის შენარჩუნება ეკონომიკურად სუსტად განვითარებულ ქვეყნებში არის ძალიან რთული.
„ძალიან ხშირად ოპონენტები აპელირებენ ეკონომიკის სუსტ განვითარებაზე. ჩვენ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდა, რეგიონში დიდი რეცესიის მოუხედავად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, რომელშიც ვართ, ანუ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ვიცით, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ბოლო წლებში აღინიშნებოდა საკმაოდ დიდი რეცესია. დღესაც რომ ვნახოთ, რა ხდება რუსეთში, თურქეთში ეს ქვეყნები არის ჩვენთვის კაპიტალის წყაროები, ჩვენი თანამოქალაქეები იქ მუშაობენ, იქედან აგზავნიან ფულს საქართველოში. ინვესტორებიც ბევრი გვყავს ამ ქვეყნებიდან, ყიდულობენ ჩვენს საქონელს. რა თქმა უნდა, თუ იმ ქვეყნებში არ არის ეკონომიკური განვითარება, ჩვენთვის ძალიან ძნელია ისეთი შედეგების მიღწევა, როგორიც შეგვეძლო. მიუხედავად ამისა, ჩვენ დავდეთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რაც არის თავის მხრივ შედეგი იმ რეფორმების, რომელიც იყო გატარებული. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, ეს ხომ არის დაფუძნებული ძალიან სერიოზულ კვლევებზე. ამის მისაღწევად ხომ იყო გატარებული მთელი რიგი რეფორმები, იგივე ბიზნესის რეგულაციები, საგადასახადო სისტემის, კორუფციის აღმოფხვრის თვალსაზრისით. ეს გვაძლევს საფუძველს ვილაპარაკოთ, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული რეცესიისა, ჩვენი ეკონომიკა იზრდება. რა თქმა უნდა ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება და ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.