გიორგი ქობულია - ვაპირებთ, ავამაღლოთ რკინიგზის ეფექტიანობა, დაგეგმილია კერძო ოპერატორების დაშვება
მთავრობა რკინიგზის ეფექტიანობის ამაღლებას გეგმავს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს მოიცავს როგორც რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების მიზნით ხორციელდება, ასევე დაგეგმილია სავალ ნაწილზე კერძო ოპერატორების დაშვება, რაც მისი შეფასებით, რკინიგზას ეფექტიანობის ამაღლებაში უნდა დაეხმაროს.
„რაც შეეხება ტვირთების შემცირებას, ამის მიზეზი მხოლოდ რკინიგზის ეფექტიანობაზე კითხვები არ არის. აქ საუბარია იმაზე, რომ ალტერნატიული სატრანზიტო გზები გაიხსნა.ნავთობისთვის დიდი ნავთობსადენებია, რომლებიც ყოველთვის უფრო ეფექტიანია, ვიდრე რკინიგზა. აგრეთვე, რუსეთმა გახსნა ახალი ეფექტიანი პორტები, საიდანაც ტვირთების ნაწილი გადაიტანეს. ამიტომ ჩვენ მხოლოდ რკინიგზის კი არა, არამედ მთელი ლოჯისტიკური სისტემის ეფექტიანობა უნდა გავზარდოთ“, – განაცხადა ქობულიამ.
მისი თქმით, ამის გეგმა არსებობს, რაც მოიცავს როგორც რკინიგზას, ასევე საზღვაო ტრანსპორტს, პორტებს.
„აგრეთვე, კარგად უნდა დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენი სატრანსპორტო დერეფნის ეფექტიანობაზე გავლენას ახდენენ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს მარტო რკინიგზის საკითხი არ არის, მთელი ლოჯისტიკური ჯაჭვის სისტემური საკითხია“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.