გიორგი ქობულია - თბილისისა და ბათუმის აეროპორტებთან დაკავშირებით სერიოზული ამოცანები გვაქვს
თბილისისა და ბათუმის აეროპორტებთან დაკავშირებით სერიოზული ამოცანები გვაქვს შესასრულებელი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, 2001 წელთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 20-ჯერ არის გაზრდილი, 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5 033 323 მგზავრს მოემსახურა.
„თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მილიონია და მგზავრთნაკადი პრაქტიკულად ზღვარზეა. შარშან აეროპორტი 3.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ქუთაისში მიმდინარეობს ინვესტირება და ოთხჯერ უნდა გავზარდოთ მისი სიმძლავრე. 2019 წელს პრაქტიკულად დასრულდება აღნიშნული პროექტი და ოთხჯერ უფრო მძლავრი აეროპორტი გვექნება. ქუთაისში ძალიან დიდი ზრდა უნდა იყოს“, – განაცხადა ქობულიამ.
რაც შეეხება ბათუმს, მინისტრის თქმით, 2018 წელს ბათუმის აეროპორტი 600 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც მისი საპროექტო სიმძლავრეა.