გიორგი ქობულია - შავ ზღვაზე საბორნე ხაზებისა და საკონტეინერო გადაზიდვების განვითარება სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა ნაწილობრივ შავ ზღვაზე საბორნე ხაზებისა და საკონტეინერო-ფიდერული გადაზიდვების გამართულ, შეუფერხებელ მუშაობაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრმა საექსპორტო და სატრანზიტო გადაზიდვების კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა ნაწილობრივ დამოკიდებულია სწორედ შავ ზღვაზე საბორნე ხაზებისა და საკონტეინერო-ფიდერული გადაზიდვების გამართულ და შეუფერხებელ მუშაობაზე. საქართველოს ნავსადგურებიდან შავი ზღვის სხვადასხვა ნავსადგურებში პირდაპირი საბორნე და საკონტეინერო-ფიდერული გადაზიდვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში, რადგან ის პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალისა და სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასთან“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საკონსულტაციო კომპანიებთან შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე და საკონტეინერო-ფიდერული გადაზიდვების კვლევის მომზადების მიზნით მუშაობა მიმდინარეობს, ასევე მუშაობენ უშუალოდ კომპანიებთან, რომლებსაც საბორნე, ასევე საკონტეინერო-ფიდერული გადაზიდვების მიმართულებით გამოცდილება აქვთ და შესაძლოა, შავ ზღვაზე დამატებითი სატრანსპორტო ხაზებით დაინტერესდნენ.