გიორგი ქობულია - საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, თუმცა უმუშევრობის შემცირების ტემპები დაბალია
საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ანგარიშს წარადგენს.
მისი თქმით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ბიზნესსექტორში 41 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„საკმარისი არის თუ არა ეს? მიგვაჩნია, რომ არ არის საკმარისი, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ეკონომიკაში წელიწადში 30 000-40 000 სამუშაო ადგილი იქმნება. არაერთხელ ვთქვით, რომ გვსურს, ეს მაჩვენებელი წელიწადში 60 000 სამუშაო ადგილამდე გავზარდოთ. 40 000 უკვე იქმნება და იქმნებოდა მუდმივად, შარშანაც და 2016 წელსაც“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, იკლებს უმუშევრობის დონეც, თუმცა, ამ სფეროში არსებობს დიდი გამოწვევა.
„გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ როგორც სიღარიბის კლების ტემპები, ასევე უმუშევრობის შემცირების ტემპები დაბალია. თუ 2015 წელს უმუშევრობა იყო 14 პროცენტი, 2016 წელს 14 პროცენტია, 2017-ში 13.9 პროცენტი. იკლებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და აქ არის დიდი ძალისხმევა საჭირო. გვჭირდება ბევრად მაღალი ტემპი“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
რაც შეეხება ქვეყანაში სამუშაო ძალას, როგორც მინისტრმა განმარტა, 3.7 მილიონი ადამიანიდან სამუშაო ძალა, ანუ ვისაც მუშაობა შეუძლია, არის 2 მილიონი მოქალაქე, დანარჩენი კი, 15 წლამდე ბავშვი, საპენსიო ასაკის ხალხი, დიდი რაოდენობით ადამიანები სამუშაო ძალის გარეთ, რომლის ყველაზე ტიპიური წარმომადგენლები არიან დიასახლისები და სხვადასხვა კატეგორიის პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ მუშაობა არ სურთ.
„ამ ადამიანების ნაწილობრივ მაინც ჩართვა ეკონომიკაში ჩვენი ამოცანაა.
842 000 ადამიანი მუშაობს, მაგრამ 881 000, გარდა უმუშევარი 276 000-სა, არის თვითდასაქმებული. ეს არ არის ცუდი, მაგრამ 881 000 ადამიანიდან დაახლოებით 723 000 არის სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებული. ეს 881 000 პოტენციური მუშახელია, რომელიც უნდა ჩავრთოთ ეკონომიკაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, წლიდან წლამდე თვითდასაქმებულების რაოდენობა იკლებს, ძირითადად იმის ხარჯზე, რომ ისინი დასაქმებულთა, დაქირავებულთა სექტორში გადადიან.
„შესაძლოა, რაღაც ნაწილი გადის სამუშაო ძალის გარეთ, რაღაც ნაწილი ემიგრაციაში, მაგრამ ძირითადად, გადაგვყავს იმ სამუშაო ადგილებზე, რომელსაც ვქმნით ყოველ წელს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.