გიორგი ქობულია - საბანკო რეგულაციები გამიზნულია, რომ მოსახლეობის ღარიბმა ნაწილმა არ აიღოს კრედიტი, რომლის გადახდის საშუალება არ აქვს
საბანკო რეგულაციები გამიზნულია, რომ მოსახლეობის ღარიბმა ნაწილმა არ აიღოს კრედიტი, რომლის გადახდის საშუალება არ აქვს, – ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატს, სერგი კაპანაძეს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ საბანკო რეგულაციების გამო, კომპანიებს გაყიდვები შეუმცირდათ. მისივე თქმით, რეგულაციებმა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა მოსახლეობისთვის ბინების ყიდვაც, რადგან ისინი იპოთეკურ სესხებს ვეღარ იღებენ.
„საბანკო რეგულაციები, რომელიც იყო შემოღებული, აგრეთვე გამიზნულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ჩვენი მოსახლეობის ღარიბი ფენები იმისგან, რომ არ აიღონ კრედიტი, რომლის გადახდის საშუალება არ ექნებათ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ამას მოყვება განსაზღვრული ზეწოლა სამშენებლო სექტორის ზრდაზე. ეს არ არის არავისთვის გასაოცარი სიახლე. ეს იყო გამიზნული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.