გიორგი ქობულია - მსოფლიო ბანკის დახმარებით საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვიმუშავებთ
გიორგი ქობულია - მსოფლიო ბანკის დახმარებით საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვიმუშავებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს მერსი ტემბონსა და აღნიშნული ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ასევე  სამოქმედო პროგრამა განიხილეს.

„ვისაუბრეთ დახმარებაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი გვიწევს, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე განათლებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ფასეულია და ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თემა იყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველომ მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი დახმარება უფრო ეფექტიანად გამოიყენოს, აუცილებელია საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება.

„ამისთვის საჭიროა პირობების შექმნა, რომ უფრო გამოცდილი და კვალიფიციური ხალხი მოვიზიდოთ სახელმწიფო სამსახურში, ისინი მოვამზადოთ, მივცეთ მეტი განათლება და ჩავუტაროთ ტრენინგები, რათა უფრო კვალიფიციური და ხარისხიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, უფრო მეტ შედეგს მივიღებთ იმ დახმარებისგან, რომელსაც მსოფლიო ბანკი და სხვა ორგანიზაციები გვაძლევენ. მსოფლიო ბანკი გვთავაზობს კონსულტაციების გამართვას, თუ როგორ შეიძლება საჯარო სამსახურში მოხელეების კვალიფიკაციის საგრძნობ ზრდას მივაღწიოთ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა და გიორგი ჩერქეზიშვილიც მონაწილეობდნენ.