გიორგი ქობულია - ლარის გამყარების ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის და საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირებაა
ლარის კურსის გასამყარებლად ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის და ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირებაა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, მეორე და მნიშვნელოვანი ბერკეტია ეკონომიკის გაძლიერება.
„დღეს ლარის კურსი მერყეობს, რადგან ჩვენი სავაჭრო პარტნიორი არის თურქეთი. პარტნიორი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას ჩვენს ვალუტაზეც აქვს ზემოქმედება. ასევე, ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს აბალანსებს უარყოფით გავლენებს. ეს მერყეობა ჩვენ გვიცავს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ლარი გასულ კვირაში გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში ერთი აშშ დოლარის ფასმა 2.63-2.68 ლარს მიაღწია. მიმდინარე კვირაში კი, ლარის გამყარების ტენდენცია შეინიშნება, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2.5773 ლარი ღირს.